ავტორი: თამარ მშვიდობაძე
მე ბევრი მეგობარი არ მყავს. ვინც მყავს, იმათგან ყველას უყვარს ლიტერატურა, უყვარს კინო, ცხოვრობს ხელოვნებით. სახლიდან უნივერსიტეტამდე გზა რომ ძალიან არ მეწელება, მხოლოდ ბედის გამართლების ამბავია - მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომლის ყოველ სიტყვასაც, მე თუ მკითხავთ, ვინმე ჩამწერით უნდა დასდევდეს და დროის მდინარებას სტაცებდეს, ერთ უბანში ვცხოვრობთ. ერთი ასეთი მგზავრობისას შევიტყვე მერაბ აბაშიძეზე - რომ წავიკითხე, შემრცხვა. ძალიან შემრცხვა იმიტომ, რომ არ არის სწორი, ადამიანს ხელოვნება გიყვარდეს, დღემუდამ იმას ამტკიცებდე, განცდებსა და ინდივიდუალურ ძახილებზე მნიშვნელოვანი არაფერი შობილაო და ამ დროს დეკადების წინ ამ კაცის სისხლიანი თითებით დაწერილი სტრიქონები შენს ცნობიერს არც კი შეხებიან. არ შეიძლება.
მერაბ აბაშიძე თბილისში დაიბადა, 1950 წლის პირველ ივლისს. ზაფხულის ცხელი დღის მხურვალება მის გრძნობებში თუ აირეკლა - სხვა რანაირად უნდა დაეწერა 19 წლის ასაკში სამედიცინო განათლების გზაზე შემდგარ მერაბ აბაშიძეს ქართულ ლოტერატურულ ტრადიციაში ახალი სიტყვის მთქმელო მოთხრობები.
მერაბ აბაშიძის კალამს ეკუთვნის ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა - "აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!", "ცეროდენა ანგელოზი", "ჯვარი"... მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაიღეს კინო-ფილმები, იდგმებოდა სპექტაკლები და რადიო-სპექტაკლდები. მოკლედ, მერაბ აბაშიძის ხედვის მნიშვნელობას, მისი, როგორც ხელოვანის, დიდებულ ნაკვთებს, ამჩნევდნენ, მაგრამ მგონია, ახლა დაივიწყეს - ყველაფრის შეუმჩნევლობაა შესაძლებელი, თუ საკმარისი დროის განმავლობაში არ მივუბრუნდებით.
მიიღეთ ეს სტატია მერაბ აბაშიძის მრავალხმრივი განცდებით გადასვებული შემოქმედების აპოლოგიადაც და შეხსენებადაც, რომ თბილისში დაიდოდა კაცი, სახელად მერაბი, რომელსაც უყვარდა სიყვარული.
ინტერსუბიექტურად ყველაზე მნიშვნელოვანი, გულთან ყველაზე ახლოს მდგომი ტექსტი მერაბ აბაშიძის არც თუ ისე დიდი შემოქმედებითი მასალიდან არის სულ რამდენიმეგვერდიანი მოთხრობა - ‘’აქეთ მაშხაკლები, კვაზიმოდო“. სათაურის რეფერენსი მიემართება ვიქტორ ჰიუგოს უკვდავ პერსონაჟს.
‘’აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო“ 1975 წელს დაიბეჭდა “ცისკარში“. დღეს, რატომღაც, ნაკლებად საუბრობენ არა ერთი ადამიანის ცხარე ცრემლით მატირებელ ინტერტექსტუალურ ნაწარმოებზე - თანაგანცდა, კათარზისი, ოღონდ მთლად ისე არა, არისტოტელე რომ მოიაზრებდა.
ძალადობის სცენების უთქმელი პალიტრა - უთქმელი-თქო, ვამბობ იმიტომ, რომ აქ ყველაფერი ძალიან პირობითია, თეატრალური სცენის რამდენიმე ფრაგმენტში ჩატეული თითქმის შეუმჩნეველი სიტყვების კორიანტელია, რომელიც საბოლოოდ ქმნის სისასტიკისა და ბრაზის იმ ძირეულ, ქვეცნობიერსა და ანალიტიკურ წიაღსვლებს, რომლებიც განსხვავდება სხვა, ჩემთვის ნაცნობ ავტორთა ხელწერისაგან იმით, რომ მერაბ აბაშიძის შემოქმედებაში ყველაფერი თითქმის არაფრით, შორისდებულით, მოკლე წინადადებების პოეტურობითა და სრული სიცხადითაა გადმოცემული.
ძალადიბა გრაფიკული სცენების სიჭარბის გარეშე. სიყვარული ეროტიულობის გარეშე. გამარჯვება - კულმინაციის მომენტში. პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი სუბიექტურობა, რომელიც მკითხველს ნაწარმოების დამამთავრებელი აკორდის ტონალობის გადააზრების რამდენიმე ვარიაციას სთავაზობს.
დღეს მერაბ აბაშიძის სახელს ნაზხავერდოვანი დავიწყების მანტია მოუსხამს -ადამიანებმა თითქოს წინაპართა მეხსიერების კულტურულ კაპიტალში დატოვეს მწერლის პორტრეტი.
ასე მგონია, მერაბ აბაშიძე არათუ შეიცხადებდა, არათუ დადარდიანდებოდა მისი ჩალექილი ნაკვალევის გამო, პირიქით - მის შემოქმედებაში რეპრეზენტირებული ვნების დიდძალი მასშტაბით მოცული ახალგაზრდა ხელოვანის არქეტიპი მაფიქრებინებს, რომ მერაბ აბაშიძეს, დიახაც, გაუხარდებოდა, თუ მხოლოდ იშვიათად წააწყდებოდნენ მის ნამუშევრებს, იშვიათად დაალაქავებდნენ ფურცლებს მისი ჩანაწერების ციტირებით.
უცნაურად სათუთია მერაბ აბაშიძე.
უყვარდა გალაკტიონი - როგორც ტერენტი იხიბლებოდა ამ უკანასკნელის იდუმალი, სულიერი ნათესაობით განპირობებული მიზიდულობით. მერაბ აბაშიძის შემოქმედების ,,ლონგლაინის“ დაწერა რომ დაევალებინა ვინმეს, ვიტყოდი, როგორ ძლიერ ჰგავს მისი ყოველი სცენა იისფერი თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენას, ცივი სისოვლის მწუხარე გრძნობას და სიყვარულის ძლიერ მოთმენას - მოთმენილი, შეკუმშული სიყვარულის სისხლისფერი წვეთები სიტყვაში „ძვირფასო“ .
2000 წლის რვა იანვარს გარდაცვლილი მერაბ აბაშიძე ჩემს წარმოსახვაში დგას მარად უკვდავი, სახეცვალებადი ალავერდის თავზე და შემთხვევით შვილებს დიდი დიქტატორებისა გაჭენებული ცხენის ამბოხის ხმაში ეძახის - მაშხალები, მეგობრებო, მაშხალები და სინათლე სიმართლისა, სინათლე სამართლის აღსრულებისა.
ფორუმი