Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბაჩიაშვილი-ივანიშვილის საქმეზე ნათია თურნავა დახურულ სხდომაზე აძლევს ჩვენებას

ბაჩიაშვილი-ივანიშვილის საქმეზე ნათია თურნავა დახურულ სხდომაზე აძლევს ჩვენებას


ფოტოკოლაჟი. ნათია თურნავა (მარცხნივ), ბიძინა ივანიშვილი (შუაში) და გიორგი ბაჩიაშვილი
ფოტოკოლაჟი. ნათია თურნავა (მარცხნივ), ბიძინა ივანიშვილი (შუაში) და გიორგი ბაჩიაშვილი

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტების დავის საქმეზე დღეს, 17 თებერვალს, სასამართლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას დახურულ სხდომაზე უსმენს.

სხდომა აქამდეც რამდენჯერმე დაიხურა - ბიძინა ივანიშვილისა და "ქართუ ბანკის“ მაღალჩინოსნების გამოკითხვის მიმდინარეობისას, - შუამდგომლობას ყოველ ჯერზე პროკურატურა აყენებდა, რასაც დაცვის მხარე ეწინააღმდეგებოდა.

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ დახურულ სხდომაზე ნათია თურნავას გამოკითხვის მიზანი „კომერციული საიდუმლოს დაცვაა“. მისი თქმით, ის საკითხები, რომლებზეც ნათია თურნავას დაუსვამენ კითხვებს, „კომერციულ საიდუმლოებას შეეხება“.

დაცვის მხარის პოზიციით, სხდომა საჯარო უნდა იყოს. ადვოკატმა ლევან მახაშვილმა თქვა, რომ სხდომაზე კომერციულ საიდუმლოზე არ ისაუბრებენ.

გიორგი ბაჩიაშვილმა წინა კვირაში ნათია თურნავას უწოდა „იარაღი [ბიძინა ივანიშვილის] გამოძალვით ოპერაციაში“.

მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა თურნავას ხელმძღვანელობისას, 2023 წლის ოქტომბერში, „ქართუ ბანკი“ დააჯარიმა - ამ ფაქტს კი ახლა ბრალდების მხარე ივანიშვილის სასარგებლოდ იყენებს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წლიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც გიორგი ბაჩიაშვილს 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ვერსიით, - რაც მეტწილად ბიძინა ივანიშვილის ჩვენებას ეყრდნობა, - გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში თავისი პირადი და „ინვესტორის“ [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი] თანხებით კრიპტოვალუტა ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია ჩადო.

ივანიშვილის ვერსიით, ბაჩიაშვილისათვის გადაცემული თანხა - 5 მლნ აშშ დოლარი - „ინვესტიცია“ იყო, რის უზრუნველყოფასაც ივანიშვილი ახორციელებდა.

გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატი ლევან მახარაშვილი საპირისპირო სურათს ხატავენ.

დაცვის მხარის პოზიციით, ბაჩიაშვილმა, - რომელიც 2015 წლისთვის უკვე კარგად ერკვეოდა კრიპტოვალუტების ბიზნესში, - ივანიშვილს თავიდანვე სთხოვა არა პარტნიორობა, არამედ „ქართუსგან“ სესხის აღებაში დახმარება.

ადვოკატის თქმით, ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის დაიდო „ჩვეულებრივი მიზნობრივი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც გაცემული იყო ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate-სა და [მაინინგ კომპანია] Bitfury-ის შორის გაფორმებული კონტრაქტის ანგარიშსწორების განსახორციელებლად“.

ბიძინა ივანიშვილმა 5 თებერვალს მისცა სასამართლოს ჩვენება - მანაც დახურულ სხდომაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG