ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატები მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებასა და მის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. ამის შესახებ მისმა უფლებადამცველებმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ და ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადეს პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს, 12 თებერვალს, გაიმართა სასტუმრო "თბილისი მარიოტში".
ადვოკატები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ პროკურატურის მიერ მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივ დევნას - როგორც მაია მწარიაშვილმა თქვა პრესკონფერენციაზე, "უნდათ შექმნან პრეცედენტი, რომ სილის გაწვნა შეფასდეს თავდასხმად".
როგორც ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, ხვალ, 13 თებერვალს, შუამდგომლობას შეიტანენ მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით.
"პროკურატურამ მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო. მისი ბრალდება უკანონოა და მის მიმართ უკანონოდ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. ეს საქმე აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც ამ საქმეზე პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს“,- განაცხადა საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.
ადვოკატ მაია მწარიაშვილის განცხადებით კი, "მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან მისი დევნა თავსდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900(2012) რეზოლუციით განსაზღვრულ კრიტერიუმებში" და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნას და პატიმრობას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, ადვოკატები მოითხოვენ:
1. სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან;
2. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე;
3. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი;
4. პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი;
5. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო;
6. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე, ბათუმში, ციალა ქათამაძის უკანონო დაკავების გამო;
7. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბათუმში 2025 წლის 11-12 იანვრის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.
პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს ვიდეომტკიცებულებებიც, რა გარემოებებში მოხდა მზია ამაღლობელის დაკავება.
მზია ამაღლობელის საქმე
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს - 4 თებერვალს, შიმშილობის 24-ე დღეს, ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
ფორუმი