"New York Post-ის" ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. საუბარი უკრაინაში ომის შესაძლო დასრულებას დაეთმო.
ტრამპმა თქვა, რომ "ურჩევნია არ თქვას", უკვე რამდენჯერ დაურეკა პუტინს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, პუტინს სურს, „ბრძოლის ველზე ადამიანები აღარ იღუპებოდნენ“.
დონალდ ტრამპმა ასევე გაიმეორა, რომ მას აქვს ომის დასრულების კონკრეტული გეგმა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.
„იმედი მაქვს, რომ სწრაფად მოხდება... ეს ომი უკრაინაში ძალიან ცუდია. ორი მილიონი - უმიზეზოდ დაღუპული... მე მინდა, დავასრულო ეს საშინელი რაღაც", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
ტრამპმა არ დააკონკრეტა, საიდან აქვს ეს მონაცემები, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი უკრაინაში არ მოხდებოდა, მისი დაწყების დროს ის რომ ყოფილიყო აშშ-ის პრეზიდენტი და არა ჯო ბაიდენი.
„New York Post-ი" წერს, რომ მომავალ კვირაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ფორუმი