Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მოსკოვში ააფეთქეს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი

მოსკოვში ააფეთქეს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი


მოსკოვის საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც 3 თებერვალს აფეთქება მოხდა.
მოსკოვის საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც 3 თებერვალს აფეთქება მოხდა.

მოსკოვის ერთ-ერთო საცხოვრებელ კომპლექსში მოხდა აფეთქება, რომლის სავარაუდო სამიზნე იყო დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი არმენ სარქისიანი.

თავდაპირველად რუსული მედიით და ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობა, რომ სადარბაზოში მომხდარი აფეთქების შედეგად სარქისიანი მკვდარია, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე სახელმწიფო სააგენტომ, მათ შორის „ტასმა“ სამართალდამცავებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ მძიმედ დაჭრილი სარქისიანი საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია, მისი დაცვის თანამშრომელი კი დაიღუპა. დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი.

განახლება: დღის ორი საათისთვის რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ არმენ სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა.

უკრაინა არმენ სარქისიანს, იგივე არმენ გორლოვსკის ადანაშაულებდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასა და აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის ხელშეწყობაში.

სარქისიანი მიჩნეული იყო უკრაინის დონეცკის რეგიონში ე.წ. სომხური ბატალიონის შემქმნელად. ეს დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ მყოფ კერძო სამხედრო კომპანია „რედუტს“ ექვემდებარება და 2022 წლის თებერვალში მონაწილეობდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეჭრაში.

არმენ სარქისიანი უკრაინის მიერ ჯერ კიდევ 2014 წლიდან იძებნებოდა კიევში მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით. უკრაინული მედია არმენ სარქისიანს მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტის, რუსეთში გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო ნაცნობად და ევრომაიდნის მონაწილეებზე ე.წ. ტიტუშკების თავდასხმების ერთ-ერთ ორგანიზატორად.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები გამომძიებლებზე დაყრდნობით წერენ, რომ სარქისიანზე თავდასხმა დაკვეთილი და დეტალურად დაგეგმილი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG