Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთის რეგიონებს ისევ დრონებმა შეუტიეს

რუსეთის რეგიონებს ისევ დრონებმა შეუტიეს


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 29 იანვარს განაცხადა, რომ დრონებით დაარტყეს რუსეთის ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 29 იანვარს განაცხადა, რომ დრონებით დაარტყეს რუსეთის ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

31 იანვარს, შუაღამის შემდეგ, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონზე. ერთ-ერთი სამიზნე ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათისთვის ვოლგოგრადის არაერთმა მცხოვრებმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერი აფეთქებები მოხდა ქალაქის იმ რაიონში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ნავთობის საცავი და თბოელექტროსადგური მდებარეობს.

განახლება: დილის ცხრის ნახევრისთვის ვოლგოგრადის საოლქო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული დრონის ნამსხვრევებმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გამოიწვია ხანძარი, რომელიც „ოპერატიულად ლიკვიდირებულია". ადმინისტრაციის თანახმად, დაშავდა ქარხნის ერთი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის, ხანძარი იყო 15 იანვარსაც.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა „ლუკოილის“ ქარხანას 29 იანვარს დრონებით შეუტიეს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოშიც.

31 იანვარს, შუაღამის შემდეგ დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ რუსეთის ვორონეჟის, როსტოვისა და იაროსლავის ოლქების გუბერნატორები.

ვორონეჟის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი და დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმოს შენობა. კონკრეტულ საწარმოს გუსევი არ ასახელებს.

როსტოვის ოლქზე დრონებით მასირებული შეტევისა და ერთ-ერთ რაიონში ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შესახებ იუწყებოდა რეგიონის გუბერნატორი იური სლუსარი.

დილის 8 საათისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 49 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 25 როსტოვის ოლქში, 8 - ვოლგოგრადში, 6 - კურსკის ოლქში, 4 - იაროსლავის ოლქში და 2-2 - ბელგოროდის და ვორონეჟის ოლქებსა და კრასნოდარის მხარეში.

ეს ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.

BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და საწვავის საცავებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG