იოსებ გორგაძე კლინიკა "ვივამედში" მამამ მოინახულა.
ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი ნაცემია, რადგან თავის არეში დაზიანებები აქვს და ყელზე, სავარაუდოდ, ხრჩობის კვალი.
„ეჭვი გვაქვს, რომ, სავარაუდოდ, ფიზიკურად ციხეში გაუსწორდნენ. ვინ და როგორ, არ ვიცით და ამ კითხვაზე პასუხების მისაღებად მოვედით და შევიკრიბეთ. გვითხრეს ინსულტითაა გადაყვანილი. ეს ინსულტი სად მიიღო? საწოლიდან ჩამოვარდა და დაზიანებები მიიღო, თუ გაუსწორდნენ ფიზიკურად?" - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზურაბ საგინაძე, დაკავებულის ბიძაშვილის შვილი.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ადგილზე, გლდანის ციხესთან, გორგაძის ნათესავებმა უთხრეს, რომ მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება და მართვით სუნთქვაზეა.
მათ მომხდარის შესახებ ერთი კვირის დაგვიანებით შეიტყვეს.
იოსებ გორგაძე წინასწარ პატიმრობაშია. მისი სასამართლო პროცესი 27 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა ოჯახს შეატყობინეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
ის 24 ოქტომბერს დააკავეს წალკის გზაზე მომხდარი ავარიის გამო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით, სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.
პირველადი ცნობებით, გარდაცვლილები თბილისიდან, "ქართული ოცნების" აქციიდან ბრუნდებოდნენ.
ციხესთან შეკრებილები გამოძიების დაწყებასაც მოითხოვენ და ამბობენ, რომ პატიმარს ციხეში არავისთან პრობლემა არ ჰქონია, მძიმე დაზიანებების თაობაზეც მათ მისმა თანამესაკნემ შეატყობინა.
მომხდარს არც მისი დაკავების მიზეზს არ უკავშირებენ.
„არ ვიცით, ეს ყველაფერი უბედური შემთხვევა იყო თუ ვინმემ განზრახ გააკეთა. დაზიანებები ისეთია, რომ, დიდი ალბათობით, განზრახ მიყენებული ზიანი აქვს. თავის ქალა აქვს გატეხილი და ყელში აქვს ჭრილობები, თითქოს ვინმე ახრჩობდა. ციხის ადმინისტრაციასთან კონტაქტი ვერ შედგა. მომხდარი ჩვენამდე ერთი კვირის მერე მოვიდა. ამბობენ, რომ გადარჩენის 10%-იანი შანსია მხოლოდ. ფაქტიურად, ვერ გადაიტანსო", - ამბობს დაკავებულის მეზობელი ჯემალ მიქელაძე.
"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურა ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თავად ვერ გასცემენ პაციენტის შესახებ ინფორმაციას.
„ყველა პაციენტის შესახებ ინფორმაცია მიწოდებულია პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს და მას დაუკავშირდით", - ამბობს ექიმი.
რადიო თავისუფლება ინფორმაციის დასაზუსტებლად პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღია. ინფორმაცია პასუხების მიღებისთანავე განახლდება.
ფორუმი