ინდოეთმა და ჩინეთმა შეაჩერეს რუსეთის ნავთობის შესყიდვა, ვინაიდან გაძვირდა ნავთობის მიწოდება იმ ტანკერებით, რომლებსაც არ შეხებია აშშ-ის სანქციები. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 27 თებერვალი უკანასკნელი დღეა, როცა სანქციების სიაში მოხვედრილი ტანკერები შეძლებენ დანიშნულების პორტებში ნავთობის ჩამოტვირთვას.
სანქციების შემოღების შემდეგ გაიზარდა გემების დაქირავების ღირებულება, რის შედეგადაც ერთი ბარელი ნედლი რუსული ნავთობი ESPO, რომელიც წყნარი ოკეანის პორტ კოზმინოდან გააქვთ, 3-5 დოლარით უფრო გაძვირდა მარკა ICE Brent-თან შედარებით.
სააგენტოს თანახმად, ინდოეთი მთავარი შემსყიდველი გახდა რუსული ნავთობისა, რომელიც შეღავათიან ფასებში იყიდება მას მერე, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთს სანქციები დაუწესდა და ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ უარი თქვა მოსკოვისგან ენერგომატარებლების შესყიდვაზე. 2025 წელს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შემცირების შესახებ სააგენტოს კერძოდ განუცხადა ინდოეთის წამყვანი ნავთობკომპანია Indian Oil Corp-ის წარმომადგენელმა.
მიმდინარე საფინანსო წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში Indian Oil Corp-ის მიერ იმპორტირებული ნედლი ნავთობის ერთი მეოთხედი რუსეთიდან იყო (ინდოეთში საფინანსო წელი 31 მარტს სრულდება). შედარებისთვის: 2023-2024 საფინანსო წელში რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 30%-ს შეადგენდა. Indian Oil Corp-ში მარტში რუსეთიდან ნავთობის მიწოდების დეფიციტს მოელიან, მაგრამ დეფიციტის შესავსებად კომპანია გეგმავს, სხვა ბაზრებზეც გაზარდოს თავისი მუდმივი მიმწოდებლისგან შესყიდვები.
2024 წლის 10 იანვარს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთს. მასში მოხვდა 183 ტანკერი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშით ცურავს და რომლებიც, სავარაუდოდ, სანქციების გვერდის ავლით გამოიყენება რუსეთის ნავთობის გადასატანად. სააგენტოს მიერ მოტანილი მონაცემებით, ეს მსოფლიო ნავთობტანკერების ფლოტის დაახლოებით 10% არის. 2024 წელს სანქციების სიაში მოხვედრილ 143 ტანკერზე მოდიოდა რუსული ნავთობის ზღვით განხორციელებული ექსპორტის 42%.
ფორუმი