პრესსამსახურის ცნობით, დაზარალებულის სტატუსი გიორგი გახარიას 26 იანვარს მიანიჭეს. ეს სტატუსი მას საშუალებას აძლევს, ჰქონდეს წვდომა საქმის მასალებზე.
„გიორგი გახარიაზე თავდასხმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები პოლიციის უმოქმედობით და „შერატონ ბათუმის“ აქტიური მონაწილეობით განადგურებულია. პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები... იმედს ვიტოვებთ, რომ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება - კამერების ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა!“ - აცხადებენ პარტიაში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურსაც. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
პარტიაში გამოთქვამენ ეჭვს, რომ მტკიცებულებების ნაწილი, რომლებითაც „ქართული ოცნების“ წევრების დანაშაული დადგინდება, შესაძლოა განადგურებული იყოს.
რა მოხდა ბათუმის „შერატონში“
14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას.
სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით გამოძიება პროკურატურას გადაეცა.
პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები დაესხნენ თავს, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ, ფეისბუკით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
14 იანვარს ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძესაც.
ფორუმი