Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეფარიშვილისა და ოკრიბელაშვილის ადვოკატები შეწყალების თხოვნით ყაველაშვილს მიმართავენ


ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი
ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი

ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის ადვოკატები მათი შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს მიმართავენ.

დღეს, 20 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შემდეგ, ახალგაზრდები მსჯავრდადებულად ითვლებიან. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმროს ისინი 10 თვის შემდეგ დატოვებენ.

„ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, მივმართოთ მოქმედ პრეზიდენტს [მიხეილ ყაველაშვილს] შეწყალების თხოვნით. სავარაუდოდ, ორ კვირაში მოსამართლე ნათია გუდაძე დასაბუთებულ განაჩენს ჩაგვაბარებს, რასაც წარვადგენთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი პრეზიდენტი ამ ბავშვებს საპატიმროში არ დატოვებს, შეიწყალებს და ისინი ოჯახებს დაუბრუნდებიან“, - უთხრა ჟურნალისტებს საბა მეფარიშვილის ადვოკატმა დავით გამყრელიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 14 დეკემბერს აირჩია. მისსა და მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობენ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც. 50 დღეზე მეტია, მრავალრიცხოვანი პროევროპული აქციები იმართება ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.

პატიმრის შეწყალების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს.

20 იანვარს სასამართლო სხდომაზე ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა აღიარეს მათ მიმართ წაყენებული ბრალი. პროკურატურა მათ 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდა. როგორც საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ თქვა, ბრალდებულებმა აანაზღაურეს ეს ზიანიც. საპროცესო შეთანხმების საკითხი 13 იანვრის სხდომაზე გაჟღერდა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,5 წელი გაუხდათ. აქედან მსჯავრდადებულებს 1,5 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, შესაბამისად ორივე მათგანი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG