Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის თქმით, პოლიცია „გზის უკანონო გადაკეტვას“ ედავება


„ყველა ვინც ოდნავ აქტიურია, უნდა შებოჭონ“ - ლევან ლორთქიფანიძის თქმით, სასამართლოში იბარებენ და „გზის უკანონოდ გადაკეტვას“ ედავებიან
„ყველა ვინც ოდნავ აქტიურია, უნდა შებოჭონ“ - ლევან ლორთქიფანიძის თქმით, სასამართლოში იბარებენ და „გზის უკანონოდ გადაკეტვას“ ედავებიან

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სასამართლოში იბარებენ და პოლიცია ედავება გზის უკანონო გადაკეტვას, - „სრულიად ჩვეულებრივი, უწყინარი აქციის გამო სურთ ჩვენი ადმინისტრაციული წესით გასამართლება, შეშინება, დასჯა, რათა შევფერხდეთ“, - მიიჩნევს ის.

„სასამართლოში ვარ გამოძახებული. მედავებიან ქუჩის უკანონო გადაკეტვას, 28 დეკემბერს ჩაჩავას სამშობიარო სახლთან დამიბლოკავს მოძრაობა. შეიძლება აქციის ორგანიზატორობა და ლიდერობაც დამბრალდეს“, - წერს „კავკასიური სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან ლორთქიფანიძე ფეისბუკზე.

მისი მონათხრობის თანახმად, იგი, დემონსტრაციის სხვა მონაწილეებთან - მემარცხენე აქტივისტებთან და სხვა მოქალაქეებთან - ერთად, ფილარმონიიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ მიემართებოდა.

„გადავედი წინ და სხვებთან ერთად მეც ვსაუბრობდი გამაძლიერებელით. ორჯერ დაიძაბა ვითარება პოლიციასთან, ორჯერ გავიარეთ ბეწვის ხიდზე, კინაღამ შეხლა-შემოხლა დაიწყო და ორივეჯერ მივიღე სიტუაციის განმუხტვაში მონაწილეობა, ორჯერ შევეცადეთ მიტინგი მარცხენა ტროტუარისკენ წამოგვეყვანა, ორჯერვე გამოგვივიდა“, - წერს ის.

„ქუჩები იმ დროსაც გადამიკეტავს, როდესაც ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია იყვნენ შს მინისტრები, მაგრამ არავის გამოვუძახებივარ [სასამართლოდან]“, - აცხადებს ლევან ლორთქიფანიძე.

„არანაირი მიზეზი, იოტისოდენა საბაბიც კი არასდროს არ მიმიცია პოლიციელებისთვის, მაგრამ მაინც ამომიღეს მიზანში... ყველა ვინც ოდნავ აქტიურია, უნდა შებოჭონ, რადგან საქმე გვაქვს შეურაცხადი ხალხის მიერ მართულ ავტორიტარიზმთან“, - აცხადებს იგი.

ჯერ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების, შემდეგ კი 28 ნოემბრის შემდეგ განახლებული მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, პოლიციამ ათობით მოქალაქე დააჯარიმა სხვადასხვა ეპიზოდში „გზის უკანონოდ გადაკეტვის“.

მაგალითად, ზუსტად 28 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის საქმეებზე 10 სხდომა გაიმართა, - 10 და 17 ნოემბერს გამართულ აქციებთან დაკავშირებით. შედეგად 20 ადამიანს, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართულ აქციებში მონაწილეობდნენ, ჯამში 10 000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

ფეისბუკზე ჯგუფებში, სადაც დემონსტრანტები ვირტუალურად „იკრიბებიან“, არაერთი ადამიანი წერს, რომ გზის გადაკეტვის გამო მათაც იბარებენ. მაგალითად, მოქალაქეები, დავით ფაცაცია და ანა ტრაპაიძე - ერთმანეთისგან დამოუკიდებლად - წერენ, რომ ასევე 29 დეკემბრის აქციაზე გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან.

„ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტმა საპროტესტო დემონსტრაციებზე პასუხად, სხვა არაერთ ცვლილებასთან ერთად, გზის გადაკეტვაზე ჯარიმები გაამკაცრა.

კერძოდ, ცვლილების მიხედვით, რომელიც 2024 წლის 30 დეკემბრიდან ძალაში შევიდა, - თუ პოლიციამ ჩათვალა, რომ გზის გადასაკეტად საკმარისი რაოდენობის დემონსტრანტი არ ყოფილა - გაზრდილია ადმინისტრაციული ჯარიმები - 5 000 ლარი ნაცვლად 500-ისა მონაწილეობისათვის, ხოლო „ორგანიზებისათვის“ - 15 000 ლარი 5 000-ის ნაცვლად.

13 დეკემბერს გამკაცრებულ ამ კანონს მიხეილ ყაველაშვილმა - რომლის ლეგიტიმურობასაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ოპოზიციური პარტიები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ცნობენ და კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორების დიდ ნაწილს - ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერსვე მოაწერა ხელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG