Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში დაკავებული მასწავლებელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს


მანანა მიქავა
მანანა მიქავა

ზუგდიდში დაკავებული მასწავლებელი მანანა მიქავა გაათავისუფლეს. ის პოლიციის სამმართველოსთან ცოტა ხნის წინ ფოიერვერკის გამოყენების შემდეგ დააკავეს. მანანა მიქავას თქმით, პოლიციამ ხელწერილი დააწერინა და ამის შემდეგ გაათავიაუფლეს.

მას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევას, რაც პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს.

16 იანვარს, საღამოს, მანანა მიქავას დაკავებას წინ უძღოდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე პარტია “დროას” წარმომადგენლის მარიამ სიჭინავას და სამოქალაქო აქტივისტ კერენ ესებუას დაკავება.

ისინი პოლიციის სამმართველოდან წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.

მარიამ სიჭინავას ფოთის, კერენ ესებუას კი სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოათავსეს. მანამდე, ისინი საიას იურისტმა კესო ჩახაიამ მოინახულა.

მისი ინფორმაციით, მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დააკავეს 173-ე მუხლის პირველ ნაწილით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 174-პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით რაც აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს.

დღეს პროევროპულმა აქციამ ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებმა სცადეს გზა გადაეკეტათ პოლიციის მანქანისთვის , რომელმაც სამმართველოდან დაკავებულები სიჭინავა და ესებუა გამოიყვანა.

ხელის შეშლის მცდელობის მიუხედავად, პოლიციამ გზა გაათავისუფლა. მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა მანამდე არაერთი შემთხვევისთვის არიან დაჯარიმებული. „დროას“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა, რომელიც პოლიციამ ასევე პიროტექნიკის გამოყენებისთვის დააკავა 13 იანვარს, 15 იანვარს გაათავისუფლეს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ის სამართალდამრღვევად მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეორე და მეხუთე ნაწილებით. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და გაათავისუფლა საპატიმრო სასჯელისგან.

სიჭინავა ჯამში 5 000 ლარით დაჯარიმდა პროევროპულ საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის (ფეიერვერკის) გამოყენების ორი და “სახის დამფარავი საშუალების”, ე.წ. ბალაკლავის ტარების ექვსი შემთხვევისთვის.

14 იანვარს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით მიიჩნია სამართალდამრღვევად პროევროპული აქციის მონაწილე კერენ ესებუა და 2000 ლარით დააჯარიმა.

მისი დაჯარიმების მიზეზი იყო „სახის დამფარავი საშუალების“ აქციაზე გამოყენება.

აქციის მონაწილეები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც, მათი თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს.

საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე. კანონში შესულ ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებას მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტად ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი.

ყაველაშვილის ლეგიტიმურობას არ ცნობენ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი. თვეზე მეტია, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG