საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. „წინააღმდეგობის 45-ე დღე პრეზიდენტთან ერთად“, - ამ პლაკატით დახვდნენ მას ზუგდიდის ცენტრში აქციის მონაწილეები.
ზუგდიდი პირველი ქალაქია, სადაც მეხუთე პრეზიდენტი აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდა. ის გეგმავს პროტესტის მონაწილეებს შეხვდეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც. როგორც მან თქვა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან დაბრუნების შემდეგ, ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩავა.
სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა, „ზუგდიდი საქართველოში არის ის ადგილი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროპასთან“, - თქვა ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ ის, როგორც დიპლომატი, სწორედ საქართველოს მოქალაქეების სახელით დაელაპარაკება საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებთან შეხვედრასაც უახლოეს პერიოდში გეგმავს:
„მე ზუგდიდის სახელითაც ჩავალ ვაშინგტონში ინაუგურაციაზე. მე მყავს დღეს ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებსაც გული შესტკივათ საქართველოსთვის და ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც, რასაც ვთხოვთ, რომ დაიცვან ამ ქვეყნის მომავალი იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოეთ არამეგობრისგან.
იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას ამდენი მეგობარი გინდ ევროპაში, გინდ ამერიკაში, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მეგობრები იმიტომ გვყავს, რომ თქვენ დგახართ, სადაც დგახართ, ეს პროტესტი რომ არ იყოს, ეს მრავალფეროვანი პროტესტი, ყველა ქალაქში, მაშინ ისინიც არ იგრძნობდნენ თავიანთ ვალდებულებას, რომ რაღაც ფორმით დაგვეხმარონ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც, სადაც პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებული პირების საქმეები განიხილება:
„გუშინ იყო სასამართლო, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები, ყველამ ძალიან კარგად იცის და იმ მოსამართლემაც ძალიან კარგად იცის, ვინც იქ იჯდა, რომ იქ არაფერი ჯგუფური ძალადობა არ ყოფილა და არც არანაირი დანაშაული. და ესენი განთავისუფლდებიან, როგორც ქვეყანა განთავისუფლდება...
ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან საქართველოს ქალაქებში დგანან ნამდვილი საზოგადოების წარმომადგენლები... ის ადამიანები, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ უფრო უყვართ ქვეყანა, ვიდრე ნებისმიერი პარტია. რომ უფრო უყვართ სამშობლო, ვიდრე ნებისმიერი პარტია და ეს არის სიახლე ამ ქვეყანაში“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო ოკუპირებულ სოფელ საბერიოში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ხსოვნას და მიუსამძიმრა ოჯახს. თქვა, რომ ამ მწუხარებამ ბოლო დღეებში დაახლოვა საოკუპაციო ხაზს ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეები.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ მეხუთე პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გამართულ მსვლელობაში. ასევე ყვავილებით შეამკო ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი.
45-ე დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავა 500-მდე ადამიანი, სისხლის სამართლის წესით კი - 44.
საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მართავს აქციებს თბილისსა და სხვა ქალაქებში. არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.
ფორუმი