Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა ახალ ოფისში ჟურნალისტებს უმასპინძლა


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ ოფისში პირველი ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს უმასპინძლა. ოფისი თბილისში, ვერაზე, ჭოველიძის ქუჩაზე მდებარეობს.

„მინდა დღეს მიგიღოთ ამ ოფისში, რომელიც არის გაგრძელება ორბელიანების სასახლის. შეიძლება არ ჰგავდეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის. აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია ამ ქვეყანაში, რომელიც დღეს იმყოფება ძალიან დიდ კრიზისში“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლე, რომელიც მისი რეზიდენცია იყო ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, 29 დეკემბერს დატოვა, სწორედ იმ დროს, როცა „ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობდა.

მიხეილ ყაველაშვილის, როგორც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას არ ცნობენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი. ყაველაშვილი იყო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი 2023 წელს.

ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. ივანიშვილს ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე აშშ-მ სანქციები დაუწესა.

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მართავს აქციებს თბილისსა და სხვა ქალაქებში. არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.

ყოველდღიური აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით იმართება 28 ნოემბრიდან - მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებს. უწყვეტი აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG