ლოს-ანჯელესის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ფედერალური საგამოძიებო ბიუროს(FBI) ყოფილი ინფორმატორი ალექსანდრ სმირნოვი და მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი 8 იანვარს გამოცხადდა. მანამდე სმირნოვმა აღიარა, რომ ცილი დასწამა აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და მის ვაჟს, ჰანტერს.
პროკურორების თანახმად, სმირნოვმა ისარგებლა გამოძიების ფედერალური ბიუროს ნდობით და 2020 წელს გადაწყვიტა, ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის შესახებ, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მცდელობას უკავშირდებოდა.
44 წლის სმირნოვი, რომელიც აშშ-ის და ისრაელის მოქალაქეა, 2024 წლის თებერვალში ნევადაში დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში, ალექსანდრ სმირნოვმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში გამართულ სხდომაზე აღიარა, რომ მისი ინფორმაცია უკრაინული ენერგოკომპანია „ბურისმას“ მიერ ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერისთვის 10 მილიონი დოლარის გადახდის შესახებ, ტყუილი იყო.
2020 წელს ალექსანდრ სმირნოვი ამტკიცებდა, რომ 2015-2016 წლებში „ბურისმას“ ხელმძღვანელებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ჰანტერ ბაიდენი დაიქირავეს, რათა მამის სახელი გამოეყენებინა კომპანიისთვის აშშ-ში შექმნილი იურიდიული პრობლემების მოსაგვარებლად და სანაცვლოდ ბაიდენებს გადაუხადეს 5-5 მილიონი დოლარი.
იმ პერიოდში ჯო ბაიდენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხოლო ჰანტერ ბაიდენი „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოს წევრი.
სმირნოვის განცხადება იქცა პოლიტიკური სკანდალის და უკვე პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის წინააღმდეგ საპარლამენტო გამოძიების დაწყების საფუძვლად.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სწრაფად დაადგინა, რომ სმირნოვი ტყუილს ამბობდა და საქმის დახურვის რეკომენდაცია გასცა, 2023 წელს კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილმა საპარლამენტო გამოძიება დაიწყო დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების იმედით.
სპეციალურმა პროკურორმა დევიდ ვაისმა, რომელიც ჰანტერ ბაიდენის მიმართ დაწყებულ გამოძიებას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ალექსანდრ სმირნოვმა ჯო ბაიდენს ცილი დასწამა მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც პოლიტიკოსი არ მოსწონდა.
ფორუმი