Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Insider: გრუ თალიბებს ფულს უხდიდა აშშ-ის სამხედროთა მოკვლისთვის


ავღანელი თალიბები სადილობისას. პროვინცია ვარდაკი, 22 ივნისი, 2023.
ავღანელი თალიბები სადილობისას. პროვინცია ვარდაკი, 22 ივნისი, 2023.

რუსეთის დაზვერვას ავღანეთში მჭიდრო კავშირი ჰქონდა თალიბანთან და 2010-იან წლებში ამერიკის ჯარების წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს აფინანსებდა. ამ დასკვნამდე მივიდა The Insider-ისა და Spiegel-ის ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიება.

გამოძიების თანახმად, 2016 წლიდან 2020 წლამდე თალიბანმა თავდასხმებისა და ტერაქტების სერია განახორციელა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და მათ უშუალო სიახლოვეს. მოკლულებსა და დაშავებულებს შორის იყვნენ არა მხოლოდ ამერიკელი სამხედროები, არამედ ავღანეთის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ეს ტერაქტები, როგორც გამოძიებაშია ნათქვამი, გრუ-ს მიერ იყო ინსპირირებული. მოკლული ამერიკელი ჯარისკაცისთვის 200 ათას დოლარამდე იხდიდნენ. ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს ყოფილმა თანამშრომლებმა გამოთვალეს, რომ ამ წლების განმავლობაში რუსეთს შეეძლო თალიბებისთვის დაახლოებით 30 მილიონი დოლარი გადაეხადა.

ავღანეთში ფულის გადასაცემად გამოიყენებოდნენ კურიერები გრუ-ს შუამავლობით გაცემული რუსული პასპორტებით. ოპერაციების დაგეგმვას ახორციელებდა გრუ-ს განყოფილება 29115, რომელიც, გამოძიების თანახმად, მონაწილეობდა სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაში, ჩეხეთის სოფელ ვრბეტიცეში საბრძოლო მასალის საცავის აფეთქებასა და სხვა დივერსიულ აქტებში რუსეთის ფარგლებს გარეთ. როგორც იტყობინებიან, რუსეთის მიერ დაფინანსებული ტერაქტების მიზანი იყო შეერთებულ შტატებზე ზეწოლა და მისი იძულება, ჯარები გაეყვანა ავღანეთიდან.

ავტორები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მოსკოვი უხდიდა თალიბანს ფულს აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის, ეყრდნობიან ავღანეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების განცხადებებს, აგრეთვე მათ მიერ აღმოჩენილ მონაცემებს გრუ-ს მიერ ყოფილი კონტრაბანდისტების, ძმები აზიზების რეკრუტირების შესახებ, რომლებსაც ავღანეთის სპეცსამსახურები უკავშირებდნენ თალიბანისთვის გასამრჯელოს გადახდის სქემას. პუბლიკაციაში დასახელებულია იმ პირების ვინაობა, ვინც გრუ-ს მხრიდან კურირებდა ამ სქემას.

2020 წელს პრესაში გაჟონა ამერიკის სპეცსამსახურების მოხსენებამ იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ფულს უხდიდა თალიბებს აშშ-ისა და დასავლეთის კოალიციის ჯარისკაცების მკვლელობაში. თალიბანის ხელმძღვანელობამ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარებზე თავდასხმები იყო სპონტანური, თვითდაფინანსებული და წინ უძღოდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებას, რის შემდეგაც მათ შეწყვიტეს ამერიკელებზე თავდასხმა. თეთრმა სახლმა უარყო, რომ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას თალიბების მიერ ამერიკელ სამხედროთა მკვლელობების წახალისების საიდუმლო პროგრამის შესახებ. როგორც The Insider-ი აღნიშნავს, უკვე 2021 წელს, ანუ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, თეთრმა სახლმა „დაბალ ან საშუალო დონის მტკიცებულებებზე დამყარებული“ უწოდა ცნობებს რუსეთის მხრიდან თალიბებისთვის ფულის გადახდის სავარაუდო სქემას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG