ავტორი: ნინო შარაშიძე
მართალია, ჯერ ხელახალი არჩევნები არ დანიშნულა და ახლა მთელი ყურადღება პროტესტზეა გადატანილი, თუმცა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავის ბრიფინგში პოლიტიკაში ახალი ძალების მოსვლის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. არჩევნებამდე კი ის აქცენტს ტექნიკურ მთავრობაზე აკეთებდა. რატომ დადგა ან ერთის ან მეორის საჭიროება და რა მნიშვნელობა აქვს ამ დისკუსიას მიმდინარე საპროტესტო აქციებისთვის, ამ ბლოგში წაიკითხავთ.
ალბათ ყველას მოგვისმენია იმ ადამიანებისგან, ვინც პროტესტის მხარეს დგას, რომ ოპოზიციის იმედი არ აქვთ. ასევე მოგვისმენია იმათგანაც, ვინც ქუჩის პროტესტს არ უერთდება, რომ ქართული ოცნება კი უნდა წავიდეს, მაგრამ მერე ისევ ‘ნაცები’ მოვლენ და პოლიტიკური კრიზისი არათუ განიმუხტება, უფრო გამწვავდება.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე საუბარს არ დავიწყებ – მათი ვინაობა, განცხადებები თუ პოლიტიკური წარსული ყველასთვის კარგად ცნობილია. ახლა ამას დავუმატოთ წლების განმავლობაში მთავრობის თუ სამთავრობო მედიის მიერ მათ წინააღმდეგ წარმოებული მადისკრედიტირებელი კამპანიები, ოპოზიციური პარტიების ლიდერთა სისხლიანი ბანერები, მათზე ფიზიკური ძალადობა გაზაფხულის აქციების დროს – რასაც საზოგადოება მეტწილად გულგრილად შეხვდა, და საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ძალაუფლებას ინარჩუნებს რეპრესიებითა და მოქალაქეთა წამებით.
ახალი პოლიტიკური ძალის საჭიროება და გამოწვევები
მიუხედავად იმისა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა გაერთიანების შედეგად ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზეს, და არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფებიც აქტიურად მუშაობდნენ ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კუთხით, ეგზიტპოლის მონაცემებითაც კი, ოთხივე ბარიერგადალახულმა პროდასავლურმა პარტიამ ერთად ხმების 48-50%-ზე მეტი ვერ მოიპოვა. და ეს იმ ფონზე, როდესაც:
- ქართული ოცნების მთავრობამ წინასაარჩევნოდ რუსული კანონები მიიღო,
- სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდა დაანონსა,
- რუსეთი ღიად უჭერდა მხარს მათ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას,
- გაზაფხულზე ასიათასობით ადამიანის პროტესტი უგულებელყოფილი იყო,
- საპროტესტო აქციების მონაწილეები ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ,
- ადამიანები უმნიშვნელო მიზეზებით ციხეში აღმოჩნდნენ.
ამ შედეგმა, რასაც დაემატა გაყალბებული არჩევნები და შეგრძნება, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩეველთა ხმები ვერ დაიცვეს, ოპოზიციური პარტიების მიმართ მრავალი ადამიანი გაანაწყენა და კიდევ უფრო გაუმძაფრა მოთხოვნა, ‘სუფთა’ ძალის პოლიტიკაში გამოჩენის შესახებ. ეს ყველაფერი კი გაზაფხულზე დაიწყო, როცა საზოგადოებამ პოლიტიკურად გააქტიურებული ახალგაზრდები გაიცნო და მათი პოლიტიკაში ჩართვა მოითხოვა, რასაც გარკვეულწილად უპასუხეს პარტიებმა, მაგრამ არსებული პარტიების მიერ თავიანთ რიგებში ახალი წევრების შეყვანა საკმარისი არ აღმოჩნდა. მოსახლეობა აშკარად ელოდება სრულიად ახალ, სუფთა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის ფორმირებას ხელახალი არჩევნებისთვის.
და მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა მომხიბვლელად ჟღერს, მისი განხორციელება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული:
- პარტიული პოლიტიკის არ ცოდნა და გამოცდილების არ ქონა,
- ასეთი სახეების მხრიდან პოლიტიკაში მოსვლის სურვილის ნაკლებობა ან არარსებობა,
- ხედვების შეჯერების სირთულეები, განსაკუთრებით მოკლე დროში,
- პარტიის ცნობადობის გასაზრდელად მცირე დრო,
- ფინანსური რესურსების მოპოვების სირთულეები.
თუნდაც, ასეთმა პარტიამ ხელახალ არჩევნებზე ბარიერის გადალახვა შეძლოს, ფაქტობრივად შეუძლებელია რომ მთავრობის დაკომპლექტებისთვის საჭირო ხმები მიიღოს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ასეთი პარტია უკვე გამოჩნდა ასპარეზზე და მონაწილეობდა კიდეც არჩევნებში, მართალია სხვებთან გაერთიანებულად, მაგრამ ძალიან ეცადა საკუთარი იდენტობის დამკვიდრებას და აშკარაა, რომ ისიც ზემოთჩამოთვლილ გამოწვევებს წააწყდა.
ტექნიკური მთავრობა – უფრო რეალისტური გამოსავალი
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებამდე შემოთავაზებული ტექნიკური მთავრობის იდეა შესაძლოა, რეალისტური და სწრაფი გამოსავალი გახდეს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. ასეთი მთავრობის ფორმირების იდეის განხილვა, უკვე ახლა, მაშინაც კი, როცა ხელახალი არჩევნები ჯერ არ არის დანიშნული, პროცესებს მნიშვნელოვნად წაადგება. ეს ინიციატივა დამატებით მოტივაციას მისცემს პროტესტის მონაწილეებს და შესაძლოა, ინტერესი გამოიწვიოს იმ მოქალაქეებშიც, ვინც ამ ეტაპზე პროტესტს არ უერთდება.
არჩევნების შედეგებმა, სადაც პროდასავლურმა პარტიებმა თითქმის თანაბარი ხმები მიიღეს, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კოალიციური მთავრობის პირობებში მინისტრთა კაბინეტის ფორმირება არა მხოლოდ რთული, არამედ დროის თვალსაზრისით არაეფექტური პროცესია. ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, დროის დაკარგვა, პარტიული ინტერესების შეჯერებისა და შეთანხმების მიღწევის მცდელობებზე, ქვეყანას კიდევ უფრო გაურთულებს მდგომარეობას. ამიტომ ტექნიკური მთავრობის იდეა უფრო პრაგმატული გამოსავალი ჩანს, რომელიც მოკლე ვადაში ნეიტრალური და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.
ტექნიკური მთავრობის არსი უპარტიო პროფესიონალებისგან შემდგარი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაში მდგომარეობს. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში ბარიერგადალახული პარტიები შედიან, მაგრამ მთავრობის დაკომპლექტებაში ისინი მონაწილეობას არ იღებენ. შედეგად, მინისტრთა კაბინეტი თავისუფლდება პარტიული გავლენებისგან, რაც უზრუნველყოფს მის ნეიტრალურობას და მთლიანად ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე ფოკუსირებას. მსგავსი მოდელი აპრობირებულია ევროპულ ქვეყნებში და არაერთი კრიზისული ვითარების განმუხტვაში წარმატებით იქნა გამოყენებული. ეს კიდევ უფრო ამყარებს მისი ლეგიტიმურობის საფუძვლებს საქართველოს რეალობაში. თუმცა, ამ ინიციატივის არსის და პოტენციალის გაცნობიერება საზოგადოებისთვის კვლავ სერიოზული გამოწვევაა, რაც შეიძლება მედიაში აქტიური გაშუქებით, საჯარო დისკუსიითა და სტრატეგიული კომუნიკაციის გზით გადაიჭრას.
ტექნიკური მთავრობის ფორმირების (არჩევა-დასახელების) პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი. მასში ჩართულნი უნდა იყვნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლობა. ამასთან, ტექნიკური მთავრობა დროებითი ხასიათის უნდა იყოს, და მისი მანდატი მკაფიოდ განსაზღვრული – მაგალითად, ევროკავშირთან მოლაპარაკებისთვის საჭირო რეფორმების გატარება მომდევნო არჩევნებამდე.
ტექნიკური მთავრობის უპირატესობა პირველ რიგში პოლიტიკის დროებითი დეპოლარიზაციის შესაძლებლობაში მდგომარეობს, რაც ხელს უწყობს დაძაბულობის შემცირებას. ეს ასევე აძლევს ახალ პარტიებს დროსა და სივრცეს ფორმირებისა და მომზადებისთვის, ხოლო არსებულ პარტიებს საშუალებას აძლევს დახვეწონ საკუთარი პროგრამები და შეიმუშაონ გრძელვადიანი გეგმები. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს სამართლიანი და პროგრესული პოლიტიკური სისტემის განვითარებას, რაც საზოგადოების ნდობის აღდგენისთვის აუცილებელია.
ტექნიკური მთავრობის მოდელი არა მხოლოდ კრიზისის გადალახვის მექანიზმია, არამედ ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების შესაძლებლობაც. ამ გზით, საზოგადოება გათავისუფლდება მუდმივი პოლარიზაციისგან და რეალურ არჩევანს მიიღებს – ისეთი სისტემის შექმნით, რომელიც სამართლიანობაზე, დიალოგსა და პროგრესზე იქნება დაფუძნებული.
ფორუმი