Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის შესაძენი ტენდერი „უარყოფითი შედეგით დასრულდა“


პოლიცია პროევროპულ აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ „წიწაკის სპრეის“ იყენებს.
პოლიცია პროევროპულ აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ „წიწაკის სპრეის“ იყენებს.

აქციებზე მდგომი პოლიციისა და სპეცრაზმისთვის ლანჩის შესყიდვაზე გამოცხადებული 300 000-ლარიანი ტენდერი „უარყოფითი შედეგით დასრულდა“. ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულება ვერ გაფორმდა.

შსს ყიდულობდა ორი ტიპის ლანჩ-ნაკრებს. ერთში უნდა ყოფილიყო ერთი სენდვიჩი, შოკოლადის ფილა და გამაგრილებელი სასმელი. მეორე ტიპის ნაკრები შეიცავდა დამატებით სენდვიჩს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულს 12 საათის განმავლობაში 5000 კომპლექტის მიწოდება უნდა შესძლებოდა.

ტენდერი გამოცხადდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 8 ნოემბერს.

ამ ტენდერში იმარჯვებდა შპს „ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი“ და მასთან ხელშეკრულებაც უნდა გაფორმებულიყო, თუმცა კომპანიამ მისთვის მიცემულ 5-დღიან ვადაში საბანკო გარანტიის დამდასტურებელი დოკუმენტი არ წარადგინა. ამ მიზეზით „ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსს“ დისკვალიფიკაცია მისცეს.

იმის გამო, რომ ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, შსს-მა 28 დეკემბერს 10 000 ლანჩის ნაკრებები 103 500 ლარად შეიძინა. ხელშეკრულება, რომლის შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთვის ვალდებულებაც სამინისტროს აქვს, არ იძებნება.

2024 წლის გაზაფხულიდან შსს ლანჩის ნაკრებების დიდ ნაწილს ისედაც ტენდერის გარეშე ყიდულობს და შესყიდვის დეტალებს კანონდარღვევით მალავს. სამინისტროს მიერ აქციის დაშლაში მონაწილე სამართალდამცავებისთვის საკვების უტენდეროდ შესყიდვის შესახებ რადიო თავისუფლებამ რამდენჯერმე დაწერა.

შსს-სთვის წარუმატებლად დამთავრდა სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის შესაძენად გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი - 300 ათას ლარად დაახლოებით 35 ათასი ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე 28 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა და იგი ჩაიშალა.

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქუჩებში მომუშავე ძალოვნების კვებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მლნ 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

თვეზე მეტია, დედაქალაქში უწყვეტი პროტესტი არ წყდება, მრავალრიცხოვანი აქციები იმართება ახალი არჩევნების გამართვისა და პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG