გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში ტრაგედიის დღეს, 5 იანვრის დილას, მხოლოდ ბებია და მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდნენ. სახლში ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ქალს, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა - ხის პატარა სახლს ცეცხლის ალი სწრაფად და ძლიერად მოედო. არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა - ენგურჰესის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მისვლისას სახლი სრულად დამწვარი დახვდათ.
“ბავშვების დედა ავადაა და რუხის კლინიკაში იწვა, ქმარი მის სანახავად წავიდა დილით და მარტო იყვნენ ბებია და ბავშვები იმ მომენტში სახლში. დედა კახათიდანაა [სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რ.თ.], იქ ცხოვრობდნენ დროებით. ბავშვები კახათის ბაღში დაჰყავდათ. ახლა საახალწლოდ იყვნენ ჩამოსულები ბებიასთან. სოციალურად დაუცველები არიან, სოციალური შემწეობა ჰქონდათ და ამით ირჩენდნენ თავს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გალის რაიონის მცხოვრები.
უფროსი გოგო 8 წლის იყო, ყველაზე უმცროსი - 8 თვის. ბავშვების ბებია დამწვრობით რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს. ქალს დაუსვეს მესამე ხარისხის დამწვრობის დიაგნოზი, დამწვრობა სახისა და წინა მხრის არეში აღენიშნება. ექიმის თქმით, ამ ეტაპისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მძიმე ენერგოკრიზისის გამო რეგიონს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. თუმცა რაიონის მოსახლეობა გასათბობად თუ საჭმლის მოსამზადებლად შეშის ღუმელსაც იყენებს - რეგიონი გაზიფიცირებული არ არის, ამიტომ დენის გამათბობლებთან ერთად, შეშის ღუმელი ან ბუხარია გამათბობელი საშუალებები.
ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სოფელ საბერიოს დენის მიწოდება ბავშვების დაკრძალვამდე არ შეუჩერდება.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელ კონსტანტინე ფილიას დაავალა, “ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს ოჯახს”.
„ამ საშინელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. თანავუგრძნობთ ჭოლარიას ოჯახს. აფხაზეთში ლათის ტრაგედიის დღიდან მოყოლებული არ ყოფილა ასეთი შემზარავი ინციდენტი ბავშვების დიდი რაოდენობის დაღუპვით. სულის სიმტკიცეს ვუსურვებთ დაღუპული ბავშვების ნათესავებსა და ახლობლებს“, - თქვა გუნბამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.
გალის რაიონში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურნენ თბილისში - "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, საპატრიარქო. პროევროპული აქციის მონაწილეები, საქართველოში აშშ-ის საელჩო.
“წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა.
საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სოფელ საბერიოში მომხდარს გამოეხმაურა და ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც:
"არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს. ვიზიარებ ოჯახის და მათი ახლობლების მწუხარებას“, - დაწერა მან.
ოკუპირებულ გალში ტრაგიკულად დაღუპული ხუთი ბავშვის მშობლებს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.
საქართველოს მოქალაქეები თანხას აგროვებენ დაღუპული ბავშვების ოჯახის დასახმარებლად.
პროევროპული აქციების მონაწილეებმა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პატივი მიაგეს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას.
ფორუმი