პალესტინელთა ხელისუფლებამ გასცა ტელეარხ ალ ჯაზირას მაუწყებლობის შეჩერების განკარგულება. 2 იანვარს კატარში დაფუძნებულმა სატელევიზიო ქსელმა დაგმო ეს ნაბიჯი, რომელიც არხის მიმართ ისრაელის გადაწყვეტილების ანალოგიურია.
პრესაზე დამკვირვებლებმა და გაეროს ადამიანის უფლებათა სამსახურმა მოუწოდეს პალესტინელთა ავტონომიას, "შეცვალოს კურსი და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს".
ალ ჯაზირას ადრე აეკრძალა ისრაელიდან მაუწყებლობა პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობასთან ხანგრძლივი უთანხმოების ფონზე.
სექტემბერში, ისრაელის ნიღბიანმა ჯარისკაცებმა დაარბიეს ალ ჯაზირას ოფისი პალესტინელთა ტერიტორიაზე - იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რამალაჰში, სადაც პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლების ადგილსამყოფელია. ამ დროს გაიცა პირველადი 45-დღიანი დახურვის ბრძანება, რაც პალესტინელთა ავტონომიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა, როგორც პრესის თავისუფლების "უხეში დარღვევა" იმ დროს.
ალ ჯაზირამ ეთერში გადასცა კადრები, რომლებზეც სავარაუდოდ, პალესტინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შედიან ტელემაუწყებლის ოფისში რამალაჰში და გადასცემენ შეჩერების ბრძანებას.
ტელეარხმა დაგმო ეს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ის “ისრაელის საოკუპაციო პრაქტიკის” მსგავსია და მის სამიზნეს მედია საშუალება წარმოადგენს". მან დაადანაშაულა პალესტინელთა ავტონომია, რომელსაც შეზღუდული ადმინისტრაციული კონტროლი აქვს ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე, "პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთ ნაწილში მწვავე მოვლენების გაშუქებისას ალ ჯაზირას შეზღუდვის მცდელობაში.”
პალესტინელთა ავტონომიის უსაფრთხოების ძალები რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეობდნენ შეიარაღებულ მებრძოლებთან სისხლიან შეტაკებაში ჩრდილოეთის ქალაქ ჯენინში და მის მიმდებარე ლტოლვილთა ბანაკში.
ალ-ჯაზირას აკრძალვა დაგმეს პრესის თავისუფლების ორგანიზაციებმა და გაეროს ადამიანის უფლებათა სამსახურმა. სამხედრო დაჯგუფება ჰამასმა, (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული) რომელიც პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის მოძრაობა "ფათაჰის" (ეს მოძრაობა დომინირებს პალესტინაში) მეტოქეა, განაცხადა, რომ აკრძალვა ეწინააღმდეგება პალესტინელების ინტერესებს.
დეკემბრის დასაწყისიდან, პალესტინის უსაფრთხოების ძალები არაერთხელ დაუპირისპირდა ჯენინის რაზმების მებრძოლებს, რომელთა უმეტესობა დაკავშირებულია ჰამასთან - ან მის მოკავშირე ისლამურ ჯიჰადთან.
ჰამასის სისხლიანმა თავდასხმა (1200 დაღუპული, 250 მძევლად აყვანილი) ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს მოჰყვა ღაზის ომი, რომლის განმავლობაში ღაზის სექტორში 45 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
ფათაჰის მეტოქეებმა პალესტინის უსაფრთხოების ძალები ისრაელის არმიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.
ალ ჯაზირა აგრძელებს მუშაობას ღაზაში, სადაც ჰამასმა 2007 წელს მოიპოვა ძალაუფლება. ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში ძალადობის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები და მებრძოლები.
ქალაქი პალესტინელთა შეიარაღებული დაჯგუფებების დასაყრდენი პუნქტია და ის ხშირად გამხდარა ისრაელის არმიის თავდასხმების სამიზნე.
ფორუმი