უკრაინის გავლით რუსული საწვავის ტრანზიტის შეწყვეტის ფონზე ევროკავშირში გაზის მარაგები მცირდება. სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, ამ პირობებში, ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც რუსულ ენერგორესურსებს ეყრდნობოდა, იძულებული გახდება, უფრო ძვირი გაზი სხვაგან მოძებნოს.
მანამდე Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი, ცივი ზამთრისა და ზღვით საწვავის იმპორტის შემცირების ფონზე, ისევე როგორც სამი წლის წინ ენერგეტიკული კრიზისის დროსა, გაზსაცავის ობიექტებს რეკორდული ტემპით აცარიელებს.
რუსეთის კომპანია „გაზპრომმა“ მოსკოვის დროით დილის 8 საათზე შეაჩერა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი უკრაინის კომპანია „ნაფტოგაზთან“ ხუთწლიანი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინაზე გამავალი, მნიშვნელოვანი გაზსადენით რუსეთის ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდების შეწყვეტა დიდი მარცხია რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის.
რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზსადენი შედის სლოვაკეთის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსული გაზის მიღების გაგრძელება სურდა და უკრაინისგან საგაზო ხელშეკრულებების გახანგრძლივებას მოითხოვდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების შედეგად ევროკავშირის ზარალი წელიწადში 60-70 მილიარდ ევროდ შეაფასა.
სლოვაკეთი და ავსტრია რუსული გაზის მთავარი იმპორტიორები არიან. ექსპერტების აზრით, ბრატისლავა რუსული გაზის იმპორტის გარეშე ორი-სამი თვის მანძილზე შეძლებს თავის გატანას მიწისქვეშა საცავებში გაზის დიდი მარაგების გამო. ავსტრიას მსგავსი სიტუაცია აქვს. როგორც რუსული სააგენტო RBC აღნიშნავს, ქვეყანასა ასევე შეუძლია შეზღუდული გაზის ნაკადების მიღება იტალიიდან და გერმანიიდან.
ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეჩერება ყველაზე დიდ დარტყმას მოლდოვის ბაზარს მიაყენებს. ამავე დროს, დეფიციტის შესამცირებლად კიშინიოვი გადავიდა რუმინეთიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე. რუმინეთი იანვარში მოლდოვის ბაზრის ელექტროენერგიის მოთხოვნილების 62%-ს უზრუნველყოფს, - ამის შესახებ მოლდოვის სახელმწიფო კომპანია Energocom-მა განაცხადა.
ფორუმი