Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზამთარი, ჩაი, მტრედები, ერთიანობა - ანუ გზა რუსთაველიდან თავისუფლებამდე


ავტორი: თამარ მშვიდობაძე

მე რომ უკეთესი მწერალი ვიყო, აი, ისეთი, ადამიანები რომ ჩემზე ისაუბრებდნენ და სოლიდურ ლიტერატურულ პრემიებსაც არ დაიშურებდნენ შემფასებლური თვალით სტრიქონთა მკითხველი კრიტიკოსები, დავწერდი ძალიან დიდ წიგნს ზამთრის დაუმთავრებელ, ცივ დილებზე, რომლებშიც ატანს თავისუფლების დაკარგვის საფრთხის შემცველი სუსხი.

მაგრამ მე არ ვარ უკეთესი მწერალი და ვარ ის, რაც ვარ. ამიტომ დავწერ ისე, როგორც ვარ, როგორც შემიძლია.

სახლიდან გასვლა და ჩემი შეუმჩნეველი ცრემლების ყლაპვა ერთია - ბოლო დროს განსაკუთრებით. იმდენად ბევრი გადაყლაპული, ყელში ჩამწვარი ცრემლი დამიგროვდა, უკვე სახლიდან გასვლასაც გავურბივარ იმიტომ, რომ არ შემიძლია. ოთახში შეყუჟული, ლაჩრულად პრობლემების გვერდის ამვლელი, მხოლოდ აქციებზე დავდივარ, უნივერსიტეტში - თითქმის არასდროს, მეგობრებსაც მხოლოდ უწყვეტი საპროტესტო ტალღის ქაოსშიღა ვნახულობ და ჩაის სმასაც ვეღარ ვახერხებ იმ კაფეებში, რომლებიც მართლა ძალიან მიყვარდა.

რადგან უნივერსიტეტამდე და კაფეებამდე მისასვლელი თბილისური ქუჩები მაქცევენ უუნარობისა და უმწეობის იმ ჩიხებში, რომლებიც მაფერმკრთალებენ.

ვბრაზობ. და ვტირი.

იცით, რამდენჯერ მიტირია სადღაც, ,,შეტეხილში”, როგორც ჩემი სათაყვანებელი მეგობარი იტყოდა ხოლმე, რომ ადამიანთა მზერას მოცილებულს ერთიანად ამომეღო ბრაზი ხალხის გამყინავ სისტემაზე - დიახ, ამას ვგულისხმობ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვიღაცას სცივა, ყველგან ვიღაცის ვედრების ჩაუხშობელი ხმები ისმის და იმ ეკლესიის კიბეებზეც, რომელსაც ვაკითხავ მაშინ, როცა მატერიალური სხეულის გადავიწყება ერთადერთ გამოსავლადღა მრჩება, მხვდებიან შავებით მოსილი ქალები, რომლებიც მტრედებს ძალიან უყვართ. მართლა. მტრედებს ეს ქალები უყვართ - და მეშინია, რომ სიმართლეა, როცა ვფიქრობ, რომ სიმშვიდეს ქუჩაში დაღლილობისგან მიძინებული ადამიანები მხოლოდ სიმბოლურად იღებენ. მათი ცხოვრება ერთი დიდი, ერთფეროვანი ბრძოლაა გადარჩენისთვის იმ კოლექტიური ჯგუფის გამოისობით, რომელსაც საერთოდ არ ადარდებს მეტროებში გამოფენილი მეორადი ტანსაცმლისა და იმ საბავშვო სათამაშოების პატრონთა ბედი, რომელსაც არავინ ყიდულობს, რადგან ხალხს უჭირს. ისე უჭირს, წამლისთვის საკმარისი რესურსის არქონა იწვევს სიკვდილს. და დატირებას, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღეს და მერე ყველაფერი უბრუნდება ჩვეულ რიტმს. და იქ, ზემოთ, მხოლოდ ქართლის დედის გაუსხვისებელსა და გაუქრობელ სახეს ადარდებს, რომ ქართველებს შიათ. იყინებიან. ყველანაირი გაგებით.

ცხოვრების ყველაზე რთული ამოცანაა ატირებულ, ლეპტოპს ამოფარებულ, სიტყვებს მიკედლებულ შენს თავს აიძულო, სტიქიური უბედურებების უბრალოებად გადამქცევ რეალობას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ღუმელით გამთბარი სხეულების ილუზიასთან, არ შეეგუო - რადგან მე ვიცი, და მე მესმის, როგორი რთულია გონებაში მონოტონურად განგრძობადი ხმა გაგიჟებული კაცისა, რომელიც მღერის იმაზე, რომ კედელი ზედმეტად მაღალი აღმოჩნდა და ჭიებმა ტვინი შეგიჭამეს, მოიშორო. ან თუ ვერ მოიშორებ, სხვა ნოტთა წყობებით გადაფარო.

ყველას ჩვენი თავშესაფარი გვაქვს - მაგრამ თავშესაფრები არ აშენებენ დიდსა და ლამაზ სამყაროს, რომელშიც ადამიანებს არ სცივათ და შვილები რძეს არ სთხოვენ ფულისა და ჯანმრთელობის არმქონე დედებს - გაუსაძლისი სტრესი, უმწეობის უგზოუკვლო განცდა და ცივ საფოსტო ყუთში არჩავარდნილი წერილები დახმარების დადასტურების შესახებ არის ის, რაც მათ ბიოლოგიურ სწრაფვას კლავს.

როგორც აღვნიშნე, მე ჩაი ძალიან მიყვარს. წერაც. რამდენად გამომდის, ეგ სხვა ამბავია. მაგრამ ჩაის დაყენებაში ნამდვილად ვერავინ შემედრება, ისევე, როგორც ყავის. თუმცა ეს უკანასკნელი ისედაც აფორიაქებულ ადამიანებს დიდად ვერ წაადგება. ჩაის არც თუ ისე ტკბილი არომატის რეცეფტორული აღქმისას, გამორიცხულია, თვალწინ არ დამიდგეს გასავათებული მეეზოვის შრომით დაკოჟრებული თითები და იმედჩამკვდარი თვალები მაშინ, როცა მაღაზიის კონსულტანტს ვედრების ტონით მიმართავდა, იქნებ ჩაის კოლოფის გახსნა და მხოლოდ ერთი კომპაქტური ფერის მიცემა შესძლებლოდა. იმიტომ, რომ ნარინჯისფერ სამოსში შეფუთნულ დაბერებულ კაცს არ აქვს საკმარისი თანხა მთლიანი კოლოფის შესაძენად.

მე გპირდებით, რომ როცა ეს ყველაფერი დასრულდება, და დასრულდება ჩვენი ხმაურიანი გამარჯვებით, დავლევთ ცხელ ჩაის და დავუყრით საკენკს მტრედებს, რომლებიც ალბათ განაწყენდებიან, რომ ვეღარ ნახავენ სამების გაყინულ კიბეებზე მჯდომი ქალის დაფლეთილ ტანსაცმელს. ეს ქალი იქნება შინ, შვილიშვილებთან, რომლებიც, მე მგონი, უნდა ჰყავდეს.

მე რომ უკეთესი მწერალი ვიყო, აი, ისეთი, ადამიანები რომ ჩემზე ისაუბრებდნენ და სოლიდურ ლიტერატურულ პრემიებსაც არ დაიშურებდნენ შემფასებლური თვალით სტრიქონთა მკითხველი კრიტიკოსები, დავწერდი ძალიან დიდ წიგნს სითბოზე, რომელიც ერთიანობას მოაქვს. მაგრამ ეს ვარ და ეს შემიძლია.

ამიტომ მე დავწერ რამდენიმე გვერდიან ტექსტს გამბედაობაზე, რომელმაც შეცვალა ქართული სამყარო.

შემომეპარება იასამნისფერი ტონალობის მინორში დაწერილი ჰანგები, მაგრამ არ ვიქნები სევდიანი. და აღარც ვიტირებთ. და სახლიდანაც ნამდვილად გავალთ.

გისურვებთ შეგეგრძნოთ პირზე შეუმშრალ რძესთან შერწყმული ბავშვობის ლოგინის ის სიმშვიდე, რომელიც ახლა სადღაც გაგვიქრა. და საწოლის ქვეშ აღარ ვეძებოთ მონსტრები. და აღარც პარლამენტში.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG