Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: მე აქედან გამოვალ, გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, ჩემთან ერთად მიმაქვს თქვენი ნდობა


სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან განცხადებას იმავე სამოსში გამოწყობილი აკეთებს, რომელიც ეცვა ინაუგურაციაზე თელავში 6 წლის წინ.
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან განცხადებას იმავე სამოსში გამოწყობილი აკეთებს, რომელიც ეცვა ინაუგურაციაზე თელავში 6 წლის წინ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ტოვებს ორბელიანების სასახლეს, თუმცა თავს კვლავ თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

"იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება. იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია - არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში. 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.

მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს.

მინდა, რომ ახლა თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. ამიტომ, გამოვალ თქვენთან და თქვენთან ერთად ვიქნები", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და ასევე გაიხსენა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემული დრო - მეხუთე პრეზიდენტი 29 დეკემბრამდე პერიოდში ითხოვდა მასთან მოლაპარაკებას ახალი არჩევნების შესახებ.

სალომე ზურაბიშვილმა პაროდია უწოდა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიას, რომელიც პარლამენტში მაშინ მიმდინარეობდა, როდესაც იგი ორბელიანების სასახლესთან მიმართავდა მოქალაქეებს.

"დღემდე, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ აქ მოსულიყვნენ ან "ოცნების" წარმომადგენლები ან თავად ივანიშვილი, რათა ამ კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი მოგვეძებნა - ანუ შეთანხმება ახალ, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი შეთავაზება, რადგან ყოველთვის არის გამოსავალი მაშინ, როცა ქვეყანა გიყვარს. როგორც ხედავთ, აქ არავინ მოსულა. ნაცვლად ამისა, პასუხი მუქარა, რეპრესიები, ძალადობა, ცინიზმი და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომი იყო. პასუხია ის პაროდია, რაც ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ამ სახელმწიფოს ეს არ ეკადრება.

იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული, სანქცირებული და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი და მშვიდი. ჩვენთან არის სიმართლე, რადგან ჩვენთან არის სიყვარული - ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ", - თქვა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG