Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილს და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას


მარცხნივ მიხაილ ვავრიკიევი, მარჯვნივ დაინიუს ზალიმასი
მარცხნივ მიხაილ ვავრიკიევი, მარჯვნივ დაინიუს ზალიმასი

საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან ევროპარლამენტარები ლიეტუვიდან დაინიუს ზალიმასი და პოლონეთიდან მიხაილ ვავრიკიევი. ისინი უკვე შეხვდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კი ცოცხალ ჯაჭვსაც შეუერთდებიან.

ევროპარლამენტარების ვიზიტის მიზანია ადგილზე გაეცნონ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მხარდაჭერა გამოუცხადონ ქართველ ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში. ისინი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

დაინიუს ზალიმასის თქმით, ორივე ევროპარლამენტარი იზიარებს პოზიციას, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კანონიერ უფლებას მის თანამდებობაზე, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს", - განაცხადა დაინიუს ზალიმასმა.

მისივე თქმით, განსახილველია ბევრი საკითხი, მათ შორის, როგორ უნდა გაგრძელდეს სამომავლო თანამშრომლობა და როგორ უნდა შეუწყონ ხელი „გარდაუვალი ახალი არჩევნების“ დანიშვნას.

„არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, რეალური საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს საარჩევნო პრინციპების ყველა ევროპულ სტანდარტს“, - თქვა ევროპარლამენტარმა.

პოლონელი ევროპარლამენტარი მიხაილ ვავრიკიევი ამბობს, რომ საქართველოში რუსეთის გავლენით არჩევნები მოიპარეს და გააყალბეს, ამიტომ მათ მომავალში თავისუფალი და „მიუკერძოებელი არჩევნების ორგანიზებაში ოპოზიციას მხარი უნდა დაუჭირონ“.

„ასევე, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქართველოში“, - განაცხადა ევროდეპუტატმა.

ლიეტუველი და პოლონელი ევროპარლამენტარები აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასაც გამოეხმაურნენ. ისინი ფიქრობენ, რომ სანქციები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც უნდა დააწესონ.

„გადაწყვეტილების მიღება ერთსულოვნებაზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ეს გარდაუვალია, განსაკუთრებით აშშ-ის მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ“, - თქვა ევროპარლამენტარმა დაინიუს ზალიმასმა.

მიხაილ ვავრიკიევის აზრით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მკაფიო სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს.

„ეს ადამიანი რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმთან კავშირშია, რომელიც ცდილობდა გავლენა მოეხდინა საქართველოში არჩევნებზე და ამ ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარებას დღემდე ცდილობს“, - თქვა ვავრიკიევმა.

ევროპარლამენტარებმა განმარტეს, რომ საქართველოში ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად იმყოფებიან, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG