"როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-მა დაასანქცირა", - დაწერა 27 დეკემბერს სოციალურ ქსელ X-ზე კიასტუტის ბუდრისმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მის პოსტში ვკითხულობთ:
"მივესალმები აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. [ბიძინა ივანიშვილი] უკვე იყო ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის სანქციების სიაში".
2 დეკემბერს ევროკავშირის სამმა სახელმწიფომ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ, სავიზო სანქციები დაუწესეს ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს.
5 დეკემბერს კი უკრაინამ ბიძინა ივანიშვილსა და კიდევ 18 ადამიანს ეკონომიკური და პერსონალური სანქციები დაუწესა.
ბუდრისმა ევროკავშირის დანარჩენ წევრებსაც მოუწოდა, ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესონ:
"ზუსტად ის დროა, ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა იგივე ნაბიჯი გადადგან. ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას!", - დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.
შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
ფორუმი