Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმია იემენსა და დედაქალაქ სანაზე თავდასხმის შესახებ იტყობინება. დაბომბვას შეესწრო WHO-ის დირექტორი


კვამლი სანის აეროპორტის თავზე ისრაელის ავიაციის თავდასხმის შემდეგ. 26 დეკემბერი, 2024 წელი
კვამლი სანის აეროპორტის თავზე ისრაელის ავიაციის თავდასხმის შემდეგ. 26 დეკემბერი, 2024 წელი

ისრაელის არმიამ გამოაცხადა იემენის სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქ სანის საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო თავდასხმების შესახებ.

ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები მიმართულია "ჰუთების ტერორისტული რეჟიმის" ობიექტებზე როგორც იემენის დასავლეთ სანაპიროზე, ისე ქვეყნის შიგნით.

ამ ცნობის თანახმად, ისრაელის ავიაციამ დაარტყა სანის აეროპორტის ინფრასტრუქტურას, რომელსაც, სავარაუდოდ, ჰუთები სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ. ამას გარდა, თავს დაეხნენ ორ ელექტროსადგურს და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში ჰოდეიდაში, ალ-სალიფსა და რას-კანტიბში.

სანის აეროპორტის დაბომბვას შეესწრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი, რომელმაც ამაზე ინფორმაცია გაავრცელა. ღებრეიესუსის თქმით, იემენის დედაქალაქში მათი ჩასვლის მიზანი იყო გაეროს თანამშრომლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკება და იემენში ჰუმანიტარული და ჯანდაცვის სიტუაციის შეფასება. ვიზიტი 26 დეკემბერს დასრულდა, მაგრამ სანიდან გაფრენამდე, "აეროპორტი საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა. ჩვენი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი დაიჭრა. არსებული ცნობებით, აეროპორტში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. გაეროს დელეგაციის წევრები უვნებელი არიან. დაზიანდა საჰაერო მიმოსვლის სამეთვალყურეო კოშკურა, გასაფრენი დარბაზი რამდენიმე მეტრში, სადაც ჩვენ ვიყავით და ასაფრენი ზოლი". WHO-ს ხელმძღვანელი X-ზე წერს, რომ მოუწევთ მოცდა მანამ, სანამ დაზიანებები მოგვარდება და გაფრენა შესაძლებელი იქნება.

საუდის სატელევიზიო არხი "ალ-ჰადათი" თავის წყაროებზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ საჰაერო დარტყმების კიდევ ერთი სამიზნე იყო ჰუთების შტაბ-ბინა სანაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG