Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო „ახლის“ წევრები პარტიას ტოვებენ


ზუგდიდის საკრებულოს სხდომა. 26 დეკემბერი, 2024 წელი
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა. 26 დეკემბერი, 2024 წელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერის შემდეგ, ფრაქცია „ახლის“ წევრებმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტის თხოვნით მიმართეს. განცხადებას, რომელსაც პარტია ავრცელებს, ფრაქციის 10 წევრი აწერს ხელს.

ფრაქციის წევრები აღნიშნავენ, რომ ზუგდიდის მერიის წარდგენილ ბიუჯეტს პარტიის პოლიტსაბჭოსთან შეუთანხმებლად დაუჭირეს მხარი, რაც “ახლისთვის” მიუღებელი აღმოჩნდა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ახალის” წევრებმა განხილვაში შესვლის გარეშე მხარი დავუჭირეთ მერიის წარმოდგენილ 2025 წლის ბიუჯეტს.

ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი იყო მხოლოდ ერთი, ხელი არ შეგვეშალა სხვადასხვა სოციალური პროგრამების ფუნქციონირებისთვის და არ დაგვბრალებოდა კონფრონტაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტიის პოლიტსაბჭოსთან და აღმოჩნდა მიუღებელი პარტიისთვის. ვიზიარებთ შეცდომას, რომელიც პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელია და შესაბამისად, რომ არ დავაზიანოთ პირველ რიგში საერთო მიზანი, ფრაქციის წევრები, რომლებმაც მხარი დავუჭირეთ ზუგდიდის ბიუჯეტის დამტკიცებას, მივმართავთ პარტია „ახალის“ პოლიტიკურ საბჭომ განიხილოს საკითხი ჩვენი პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით. წარმატებებს ვუსურვებთ რეჟიმთან ბრძოლაში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პარტია „ახალს“, – ნათქვამია ფრაქცია “ახლის” განცხადებაში.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფრაქციის პოზიცია ბიუჯეტის მხარდაჭერაზე მანამდეც იყო ცნობილი.

განცხადება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტს მის განხილვაში მონაწილეობის გარეშე დაუჭერდა მხარს, ფრაქცია “ახალმა” ჯერ კიდევ 22 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მაია კალანდიამ პარტიის ოფისში შეკრებილ ჟურნალისტებს განუმარტა, ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოსახლეობას სერვისების მიწოდება არ შეუფერხდეს.

26 დეკემბერს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ზუგდიდის ბიუჯეტს, რომელიც 70,5 მლნ ლარია.

სხდომას ესწრებოდნენ “ქართული ოცნების”, “გახარია საქართველოსთვის” და “ახლის” წევრები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი დეპუტატი საკრებულოში არ გამოცხადებულა. ოპოზიციური პარტია ბოლო რამდენიმე თვეა, ბოიკოტის გამო არ ესწრება სხდომებს. პარტიამ მოგვიანებით გამართა ბრიფინგი, რომელზეც “ახლის” და “გახარია საქართველოსთვის” წევრები გააკრიტიკა ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო.

“ბიუჯეტი, რომელიც არ ასახავს ზუგდიდელების ინტერესს, ბიუჯეტი, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ხელფასები... უბრალოდ ბიუჯეტი არ გვაქვს მეგობრებო, ეს არის სახელფასო ფონდი. ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს "ქოცებს" დაუმტკიცეს ბიუჯეტი", - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ფიფიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთხმად მხარდაჭერის მიუხედავად, სხდომას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია.

პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია ფრაქცია „ახლის“ წევრების პროტესტმა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა სხდომაზე პროევროპულ აქციებზე ნაცემი ადამიანების ფოტოები გამოფინეს წარწერით: „ვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს“, „გაათავისუფლეთ რეჟიმის პატიმრები“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG