Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალტიის ზღვაში ამჯერად ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი დაზიანდა


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. ბალტიის ზღვის რაიონი, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გადის.
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. ბალტიის ზღვის რაიონი, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გადის.

ფინეთსა და ესტონეთს შორის ელექტროენერგიის გადაცემა შეწყდა ბალტიის ზღვაში წყალქვეშა ელექტროკაბელ Estlink 2-ის დაზიანების გამო. კაბელი 25 დეკემბერს, დღისით გაწყდა. ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ინციდენტი ენერგომომარაგების შეზღუდვას არ გამოიწვევს.

გერმანული მაუწყებლის, DW-ს ინფორმაციით, ელექტროენერგიის ქსელური გადაცემის ფინური კომპანია Fingrid-ი დივერსიას არ გამორიცხავს. დაწყებულია გამოძიება.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რაიონში, სადაც კაბელი დაზიანდა, ორი გემი იმყოფებოდა - ჰონგ-კონგის დროშით მცურავი Xin Xin Tiang 2 და კუკის კუნძულების დროშით მცურავი Eagle S.

ფინეთის პოლიცია სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად იძიებს კაბელის დაზიანებასთან ამ გემების შესაძლო კავშირსაც.

ფინეთის მედიასაშუალებები საზღვაო მონიტორინგის სისტემა MarineTraffic-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ ტანკერი Eagle S რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან ეგვიპტისკენ მიემართებოდა. ბრიტანული გამოცემის, Lloyd's List-ის თანახმად, ეს ტანკერი ნაწილია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის, რომელიც სანქციების გვერდის ავლით ახდენს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას.

მედიასაშუალებების ცნობითვე, რუსეთთან მჭიდრო კავშირი აქვს მეორე სატვირთო გემის, Xin Xin Tiang 2-ის მფლობელ კომპანიასაც.

2024 წლის 17 ნოემბერს, ბალტიის ზღვაში დაზიანდა ფინეთის და შვედეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ვერსია იყო დივერსია, თუმცა 3 დეკემბერს შვედეთის პოლიციამ განაცხადა, რომ წინასწარი შედეგებით, ინციდენტი არ გამოუწვევია განზრახ ქმედებას და სავარაუდოდ, სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდებოდა.

18 ნოემბერს ბალტიის ზღვაში დაზიანდა გერმანია-ფინეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ეს, სავარაუდოდ, დივერსიის შედეგი იყო. გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ორივე შემთხვევის დროს ბალტიის ზღვის ამ რაიონში იმყოფებოდა ჩინეთის გემი Yi Peng 3, რომლის კაპიტანი რუსეთის მოქალაქეა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG