რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში 22 დეკემბერს მოლაპარაკებები გამართა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან, ერთ-ერთთან იმ რამდენიმე ევროპელ ლიდერთაგან, რომლებთანაც პუტინი კავშირებს ინარჩუნებს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
ფიცო რუსეთში "სამუშაო ვიზიტით" ჩავიდა და პირადად შეხვდა პუტინს, განუცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს. პესკოვის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა "საერთაშორისო ვითარებაზე" და, სავარაუდოდ, რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებაზეც.
მიხალ სიმეცკამ, "პროგრესული სლოვაკეთის" ლიდერმა, ფიცოს მოგზაურობა პუტინთან შესახვედრად შეაფასა, როგორც "სლოვაკეთის სირცხვილი და ეროვნული ინტერესების ღალატი".
მანამდე, სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მალე ესტუმრებოდა მოსკოვს, სლოვაკეთისთვის რუსული გაზის მიწოდების განსახილველად - იმასთან დაკავშირებით, რომ 1 იანვარს უკრაინა გაზის ტრანზიტის შეწყვეტას აპირებს.
ეს სლოვაკეთის ლიდერის პირველი ვიზიტია მოსკოვში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, 2022 წლის თებერვლიდან, დასავლელი პოლიტიკოსები, მით უმეტეს ქვეყნების ხელმძღვანელები, რუსეთს უკიდურესად იშვიათად სტუმრობენ. მოსკოვში ბოლო სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ მხოლოდ ნეიტრალური ავსტრიის კანცლერი და ფიცოს პოლიტიკური მოკავშირე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
ფორუმი