Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა წნეხის გამო სანქციებზე პოზიცია შეცვალეს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპის სამმა ქვეყანამ ზეწოლის შემდეგ შეცვალა პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ესპანეთის, იტალიისა და რუმინეთის წარმომადგენლებმა პერსონალური სანქციების დაწესებაზე უარყოფითი პოზიცია გააჟღერეს, თუმცა მოგვიანებით შეცვალეს.

„იყო წნეხი, რის გამოც მოუწიათ იმ პოზიციის უკან წაღება, რაც დააფიქსირეს საბჭოზე. თქვენ შეგიძლიათ ამას ტყუილი დაარქვათ, მაგრამ მე არ მინდა. ეს მათი არჩევანია... ფაქტი არის ის, რომ მათ დააფიქსირეს სანქციების საპირისპირო პოზიცია, კიდევ ერთხელ მადლობა ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. მერე მოუწიათ ამ გადაწყვეტილების სხვანაირად წარმოჩენა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 18 დეკემბერს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვის გულისხმობდა, კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა მან მუქარის კონტექსტში ახსენა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოში მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„[მან] განაცხადა, რომ დაისჯებოდა ყველა, ვინც დაუპირისპირდებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს და ეს გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში. მეორე დღეს ადგა საკონსტიტუციო სასამართლო, აატრიალა საკუთარი გადაწყვეტილება და გააუქმა რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები. თან სრულიად განუსაზღვრელი საბაბით“.

გუშინ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ (უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა) დაბლოკა. მან მათ მადლობა გადაუხადა „ქართველი ხალხის ინტერესების ევროკავშირის საბჭოზე დაცვისთვის“.

მადლობის გადახდიდან რამდენიმე საათში, ირაკლი კობახიძის გავრცელებული განცხადება ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა.

  • „ძლიერ იმედგაცრუებას გამოვხატავთ, ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოდგენის გამო“, - წერია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა.
  • „იტალია კიდევ ერთხელ მკაფიოდ გმობს ბოლო კვირებში ქვეყანაში მომხდარ ყველა ძალადობას. მხარს უჭერს უმაღლესი წარმომადგენლის, კალასის მიერ შემოთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებებს, რომლებიც წევრი ქვეყნების თანხმობის არარსებობის გამო დაიბლოკა. ჩვენი ქვეყანა ასევე დაეთანხმა დიპლომატიური ვიზების შეჩერების წინადადებას, რომელიც დაკმაყოფილდა“, - ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
  • „ესპანეთი ძალიან მკაფიოდ გამოხატავდა თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სამოქალაქო უფლებებთან და სავარაუდო დეზინფორმაციულ კამპანიასთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გუშინ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიისთვის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებით“, - წერია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ ქსელ X-ზე.

დღეს კი ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მადლობა „ძალიან სანდო და საიმედო ინფორმაციაზე“ დაყრდნობით გადაიხადა. მან ერთ-ერთ წყაროდ დაასახელა რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებული ცნობები.

ინფორმაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი იმოწმებს, ​რიკარდ იოზვიაკმა საბჭოს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტი სოციალურ ქსელ X-ზე 16 დეკემბერს წერდა, რომ ევროკავშირი ახლა არ დააწესებდა სანქციებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ის ამბობდა, რომ „უნგრეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა არის წინააღმდეგი“. მომხმარებლის კითხვაზე, ვინ იგულისხმებოდა „სხვებში“, მან დაასახელა სლოვაკეთი და რუმინეთი. სხდომის შემდეგ მოწინააღმდეგეებს შორის მხოლოდ სლოვაკეთი და უნგრეთი დაასახელა.

„TV პირველის“ ჟურნალისტის კითხვის მიუხედავად, ირაკლი კობახიძემ არ დაასახელა სხვა წყაროები, ვისზე დაყრდნობითაც გადაუხადა მადლობა ხუთ ქვეყანას.

„ჩვენთვის ეს აღარ არის საინტერესო“, - თქვა მან.

ორი დღის წინ, 16 დეკემბრის შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირმა დაიწყო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურა და ამ ეტაპზე არ დაუწესა სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG