Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საბჭო გამოხატავს "სერიოზულ შეშფოთებას" საქართველოს მთავრობის კურსთან დაკავშირებით


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ევროკავშირის საბჭო 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში მიმოიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას. საბჭო ადასტურებს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავე დროს, ის იმეორებს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის კურსთან დაკავშირებით. 

ანგარიშში საბჭო გამოთქვამს წუხილს საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების გამო, 2028 წლამდე შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ასევე "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკუსვლის გამო.

საბჭო მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის
წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ ძალადობას. მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან.

"საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და მიიღონ დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მზარდი პოლარიზაციის შესამცირებლად", - წერია ანგარიშში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ საბჭო მოუწოდებს საქართველოს, სასწრაფოდ შეასრულოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები, მათ შორის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეთანხმებით.

მეოცე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG