"დღეს ჩვენ დავიბარეთ საქართველოს ელჩი, რათა განგვეხილა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა და ასევე მმართველი პარტიის განცხადება ესტონეთის შესახებ.
სამწუხაროა, რომ ქვეყანა, რომელსაც მრავალი წელია, მხარს უჭერს ესტონეთი, მტრულ რიტორიკას იყენებს ჩვენი სუვერენიტეტის შესახებ და რუსულ ნარატივს იმეორებს", - წერს იგი სოციალურ ქსელ X-ზე.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ დღეს, 16 დეკემბერს, განაცხადა, რომ „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში” რჩება ლიეტუვასა და ესტონეთთან, რომლებმაც სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენელს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს:
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა ჩვენი მხრივ არ შევუქმნათ საფრთხე ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის”.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიც წერია, რომ ესტონეთს და ლიეტუვას „ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი", მათი მთავრობები „არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ" და „იძულებული არიან საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ".
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 დეკემბერს განაცხადა, რომ ესტონეთთან კოორდინაციით გააფართოვეს სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და მას დაამატეს კიდევ 17 პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რადგან არ შეეგუებიან მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ ძალადობას. რამდენიმე საათით ადრე სანქცირების შესახებ გამოაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ლიეტუვის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან იგივე პირები, რომლებსაც 5 დეკემბერს პერსონალური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა უკრაინამ, გარდა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა, რომელსაც საქართველოს შსს-ს 10 მაღალჩინოსანთან ერთად ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ სანქციები 2 დეკემბერს დაუწესეს.
ფორუმი