Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიება გადადო


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისში მთავარ ნაძვის ხეს დღეს, 14 დეკემბერს აღარ აანთებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

„რადიკალურმა ოპოზიციამ იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველზე შეკრებილები არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით...

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ზეიმი. ეს ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერია ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა. ააწყეს ნაძვის ხე და მოაწყვეს სცენა. ნაძვის ხე დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე უნდა ანთებულიყო.

ღონისძიებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ასეულობით პოლიციელი გამოჩნდა, პარლამენტის შენობის ფასადზე მიანათეს საახალწლო განათებები, რომელიც კალაძის გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ გაითიშა და დაიწყეს ტექნიკის დაშლა.

უკვე მე-17 დღეა, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მერიას ნაძვის ხე უნდა აენთო, მთავარი საპროტესტო ადგილია. ისინი აპროტესტებენ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან არ დააყენებს საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG