ეს ჩანაწერი ეხებათ მათ, ვისაც ჯერ არ შეხებიათ ეს საშინელი ტოტალური რეჟიმი, მაგრამ შეგეხება ხვალ!
ავტორი: ანი ბადალაშვილი
,,ოცდაორი წლის ბიჭი გადაყვანილია საავადმყოფოში, პოლიცია წმინდა გიორგის ძეგლის წინ განლაგებულია, ელოდებიან ბრძანებას, რომ გადავიდნენ შეტევაზე…”
გამხმარ ფოთლებს ვფხვნიდი, რომ ჩაი დამეყენებინა, თან მეგობრის მოლოდინში ვიყავი, რომ მალე მოსულიყო ჩემთან და სიგარეტსა და ჩაის ხვრეპით განგვეხილა თბილისის აქეთ და იქით მომხდარი ამბები. ტელევიზორის რომელიღაცა არხიდან კი ქალის გაბრაზებული სასოწარკვეთილი ხმა ჩამესმოდა.
,,რა ხდება თბილისში?” ვფიქორბდი ჩემთვის, გაზქურაზე შემოდგმულ ჩაიდანს კი ყვირილი გაჰქონდა. ,,არადა, პირველი დეკემბერია, ახალი წლის განწყობა უნდა ტრიალებდეს ჰაერში, ერთი ჩვეულებრივი დღეა, მოიცა რა…”
,,მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაკავებულია მსახიობი ანდრია მაისურაძე, მან რამდენიმე საათის წინ პირად გვერდზე დაწერა, რომ ბოლო წუთამდე იბრძოლებდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის…”
,,ახალი წელი მოდის, ბავშვები ნაძვის ხის დადგმას ელოდებიან პარლამენტის წინ, აბა რა დროს პროტესტია, ან რას აპროტესტებენ…”-განვაგრძობდი აქეთურებს და იქითურებს ჩემთვის.
მობილურზე მეგობრის ზარი იყო, ის ვისაც ასე ველოდებოდი.
,,გაზით რამის გავიგუდე, საით დგახარ?”-მეუბნებოდა დაღლილი, მაგრამ მაინც მხნე ხმით.
,,მოიცა, ჩემთან არ უნდა ამოსულიყავი?”-გაბრაზებულმა წითელ ღილაკს დავაჭირე და ტელევიზორის წინ მოვკალათდი, აბა რა ხდება ქვეყანაზე, ერთითქო.
-ვაიმე, ქალს თავში წიხლი როგორ ჩაარყა ამ საზიზღარმა!-ხმამაღლა აღვშფოთდი მე. ორ წუთში, იმიტომ რომ ჩემს მენტალურ ჯანმრთელობას გავფრთხილებოდი, ტელევიზორი გავთიშე და ტელეფონში სიახლეების წაკითხვა დავიწყე: ,,დავკარგე ძმა, ნაცემი, გონება დაკარგული წაათრია პოლიციამ, გთხოვთ დამეხმარეთ!”
,,ყველგან პოლიტიკა, რა! ახლა ხომ ახალი წელი მოდის…”
ნაცემი ადამიანის ფოტოებს ერთი მეორის მიყოლებით მიგდებდა.
შეხედე შენ, წიგნების მაღაზიაც კი გადაუჩხრეკიათ ამ საზიზღრებს.
რაო, საბავშო ბაღიდან დედა შვილის თვალწინ დააკავესო?!
ქალი მთაწმინდაზე, საკუთარ სახლთან უცემიათ…
რუსთაველის თეატრიც დაუკავებიათ რობოკოპებს, რაო, ერის ტაძარი?
თურმე ვიღაც მაღალჩინოსანი მამაოს საყვედურობს, ეკლესიაში ქალი როგორ შეუშვი, როცა საცემრად მივსდევდითო?
,,რა ამბებია, რა!” -ვიდეო გავთიშე, სადაც ხატით მდგომიარე ქალს წყლის ჭავლს ასხამდნენ და გაბრაზებულმა გადავდე ტელეფონი, მაგრამ, აბა, ყველას ჩვენი ცხოვრება არ გვაქვს, თან ამ სიცივეში?!
დილა იყო.. აბა, დილის ძილს რა ჯობს? კარზე კაკუნი იყო. არ ჩერდებოდნენ, გეგონებოდა, რამდენიმე ადამიანის ხელი აკაკუნებდა.
-გაგვიღეთ, აქ არიან, გვეშინია…-ახალგაზრდების ხმა ჩამესმა. მეც შემეშინდა და ლოგინს დავუბრუნდი.
გათენდა. უბრალოდ მზის სხივები კვეთდა ფანჯრის მინებს, თორემ თითქოს ისევ ღამე იდგა.
ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა.
,,საავადმყოფოშია, ნაცემი, მიკროფონი წაართვეს, მერე თავში ურტყეს, მოდი რა.”-ჩემი მეგობრის დედის ტირილში ძლივს ვარჩევდი სიტყვებს.
… და პირველად ვიგრძენი რას ნიშნავდა სირცხვილი.
სიჩუმე.
მხეცი დამიდგა წინ და თავის ბრაზს ვეღარ აკავებდა.
და მე ვეღარ გადავდე პირველად ტელეფონი, აღარ ჩავუწიე ხმა ტელევიზორს, ვეღარ ვსვამდი ჩაის, ვეღარ ველოდებოდი მეგობარს.
სახლის კარებისკენ წავედი, ვლოცულობდი, რომ ის ბავშვები, დილას აკანკალებილი ხმით რომ თავშესაფარს მთხოვდნენ, ისევ იქ დამხვედროდნენ, მაგრამ აღარ დამხვდნენ.
ზემო სართულზე მეზობლის ყვირილი გამოდიოდა, ახალგაზრდა ბიჭი ჩამოჰყავდათ კიბეებზე, უკან კი დედა მოყვებოდა, ვერ გაეგო, რატომ ან სად მიჰყავდათ პოლიციელებს თავისი ბიჭი.
ვერ გავამხნევე.
ხმას ვერ ვიღებდი.
მე ხომ გუშინ ჩემს უდარდელ ცხოვრებას ვუფრთხილდებოდი.
ის მხეცი კვლავ მებრძოდა, მაგრამ წინააღმდდეგობის გაწევა გვიანი იყო.
ზურგზე სირცხვილი დამაწვა და ძლივს ჩავუყევი კიბეებს.
ვლოცულობდი მეგობრისთვის, ან ვინ იცის, იქნებ ჩემი თავისთვის, რომ ხვალ ეს მხეცი უფრო არ გამძვინარებულიყო და სირცხვილს უფრო არ დავემძიმებინე.
საავადმყოფოსთან მივედი. მის გვერდით უფრო მეტი უცხო იდგა, ვიდრე მე ან სხვა ახლობელი უნდა მდგარიყო.
და მაშინ მივხვდი, რომ მას არ ემახსოვრებოდა არც ეს ტკივილი და არც ეს ცემა,
არამედ ვემახსოვრებოდი მე, რომელმაც გამთენიისას ბავშვებს კარი არ გავუღე, ბავშვებს, რომლებსაც სამშობლოს სიყვარულის გამო უწევდათ რუსთაველზე გაქცევა, რომ თავისუფლებამდე მისულიყვნენ.
ფორუმი