Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალმა Time-მა დონალდ ტრამპი 2024 წლის ადამიანად აირჩია


ჟურნალ Time-ის ყდაზე გამოსახული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ნიუ-იორკი, 12 დეკემბერი, 2024.
ჟურნალ Time-ის ყდაზე გამოსახული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ნიუ-იორკი, 12 დეკემბერი, 2024.

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის ადამიანად აირჩია.

„ტრამპის პოლიტიკური აღორძინება უპრეცედენტოა ამერიკის ისტორიაში“, - ნათქვამია გამოცემაში.

პუბლიკაციის ავტორებმა ივლისში პენსილვანიაში ტრამპის მკვლელობის მცდელობა გაიხსენეს. რესპუბლიკელების კანდიდატმა დაამარცხა კონკურენტები, მოიგო შვიდ მერყევ შტატში და გახდა 20 წლის განმავლობაში პირველი რესპუბლიკელი, რომელმაც სახალხო კენჭისყრაში გაიმარჯვა.

ტრამპს უკვე მიენიჭა იგივე წოდება 2016 წელს. მაშინ მან პირველად მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები.

Time-მა ასევე გაიხსენა, რომ ტრამპმა პირობა დადო, რომ 24 საათში დაასრულებს რუსეთის ომს უკრაინასთან. არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ მშვიდობის მიღწევა უფრო რთული იქნება, ვიდრე მან ივარაუდა.

ტრამპი ასევე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში აშშ-ის რაკეტებით დარტყმების წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა, რომ აპირებს გამოიყენოს უკრაინის მხარდაჭერა, როგორც ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ მოლაპარაკებებში.

„მოკლული ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც ყველგან წვანან, შემაძრწუნებელია. რაც ხდება, ეს არის სიგიჟე. <… > კატეგორიულად ვეწინააღმდეგები რუსეთის სიღრმეში ასობით მილზე რაკეტების გაგზავნას. რატომ ვაკეთებთ ამას? ჩვენ უბრალოდ ვამწვავებთ და ვაღრმავებთ ამ ომს. <… > მინდა მივაღწიო შეთანხმებას და ამის მიღწევის ერთადერთი გზა არის, უარი არ ვთქვა მხარდაჭერაზე,“ მოჰყავს Time-ს ტრამპის სიტყვები.

ტრამპის გარდა ჟურნალ Time-ის მოკლე სიაში შედიან რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, უელსის პრინცესა კეით მიდლტონი, მილიარდერი ილონ მასკი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, პოდკასტერი ჯო როგანი, მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი და Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი.

შარშან Time-მა წლის ადამიანად დაასახელა ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, 2022 წელს კი - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG