ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, ქვეყანაში რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინი შეიტანეს.
„მე ბირთვული ქობინები შემოვიტანე. ათეულობით. ბევრი ამბობს: „ეს ხუმრობაა, არავის არაფერი არ შემოუტანია“. შემოვიტანეთ. ის კი, რასაც ამბობენ, რომ ეს ხუმრობაა, ნიშნავს, რომ გამორჩათ. ვერც კი შენიშნეს, როგორ შემოვიტანეთ ისინი აქ“, თქვა ლუკაშენკამ სამშაბათს. მისი სიტყვები სააგენტო „ბელტას“ მოჰყავს.
ეს განცხადება მან გააკეთა შეკითხვაზე ბელარუსში რუსეთის სარაკეტო კომპლექს „ორეშნიკის“ განთავსების გეგმების შესახებ. „ორეშნიკი“ არ არის ბირთვული იარაღი, მაგრამ დიდი სიმძლავრისაა.
მან თქვა, რომ ბელარუსში მოაწყობენ გამშვებ დანადგარს კომპლექს „ორეშნიკისთვის“, მისთვის განკუთვნილ რაკეტებს კი რუსეთიდან შეიტანენ 2025 წლის მეორე ნახევარში.
2023 წლის მარტში რუსეთი და ბელარუსი შეთანხმდნენ, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღი განთავსდებოდა. ბელარუსისთვის რუსული სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ-М“-ის გადაცემის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ლუკაშენკამ ზაფხულში იმსჯელეს. მაშინ პუტინმა თქვა, რომ გადაცემა მოხდება „უახლოეს თვეებში“ და აღნიშნა, რომ ასეთ რაკეტებს ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ.
ფორუმი