აშშ-ის საელჩო საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე წერს, რომ ყველამ პასუხი უნდა აგოს, ვინც "სასტიკ და გაუმართლებელ" ძალადობაზეა პასუხისმგებელი. საელჩო ასევე აცხადებს, რომ "დაუყოვნებლივ" უნდა გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ადამიანები.
"ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში, რომელშიც ასევე წერია, რომ ელჩი რობინ დანიგანი შეხვდა სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, "რათა განეხილა მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად".
დღესვე, 9 დეკემბერს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროკავშირისაგან სანქციების დაწესებას საჭიროებს.
დემონსტრაციების დარბევაზე ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის ის ჩამოთვლის უვიზო რეჟიმის შეჩერებას „კონკრეტული კატეგორიის პასპორტებისათვის“; ასევე - პერსონალური სანქციების დაწესებას „27-ვე ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში“ და იმედოვნებს, რომ წევრ ქვეყნებს „სისასტიკეზე თვალის დახუჭვა გაუჭირდებათ“.
მეთორმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.
გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ფორუმი