სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში ჩავიდნენ, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია.
სირიელმა მეამბოხეებმა ამ ქვეყნის დედაქალაქი აიღეს - ბოლო მოეღო ასადის ოჯახის სასტიკ, ნახევარსაუკუნოვან მმართველობას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ ასადმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება შეიარაღებული კონფლიქტის რიგ მონაწილეებთან „მოლაპარაკების“ შემდეგ მიიღო და პოსტი დატოვა, გასცა რა მითითებები ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის“. რუსეთი აცხადებს, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა ასადის მიერ ქვეყნის დატოვების საკითხში.
რუსეთი სირიის დიდი ხნის მოკავშირეა. იგი მნიშვნელოვან სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევდა ასადის რეჟიმს, განსაკუთრებით სირიის სამოქალაქო ომის დროს, რომელიც 2011 წელს დაიწყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით ამცნეს ხალხს, რომ დამასკი "ახლა თავისუფალია ასადისგან", რომლის ოჯახი 1971 წლიდან რკინის მუშტით მართავს ქვეყანას.
სირიის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მთავრობა „მზადაა, ითანამშრომლოს ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან“.
„ჩვენ გვჯერა, რომ სირია ყველა სირიელისაა და ეს არის მისი ყველა შვილის ქვეყანა, და რომ ეს ქვეყანა შეიძლება იყოს ნორმალური სახელმწიფო, რომელსაც კარგი ურთიერთობა ექნება თავის მეზობლებთან და მსოფლიოსთან, რეგიონულ ალიანსებსა და ბლოკებში წევრობის გარეშე“, - თქვა ჯალალიმ.
8 დეკემბერს ის სახლიდან შეიარაღებული ადამიანების თანხლებით მიმავალი ნახეს. არსებული ცნობით, ის შეხვდა “ჰაიათ თაჰრირ ალ შამის”, (HTS), სუნიტთა მეამბოხე ჯგუფის, ხელმძღვანელობას, რომელიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებას მეთაურობდა.
“ჰაიათ თაჰრირ ალ შამი” აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული. ბოლო წლებში ისლამისტურმა დაჯგუფებამ გაწყვიტა კავშირი "ალ-ყაიდასთან" და ცდილობდა სირიის მთავრობის პრაგმატულ ალტერნატივად წარმოედგინა თავი.
მაგრამ რჩება შეშფოთება მის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირებთან დაკავშირებით.
თეთრი სახლის პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი გუნდი „ყურადღებით აკვირდებიან სირიის განსაკუთრებულ მოვლენებს და მუდმივ კავშირში არიან რეგიონულ პარტნიორებთან“.
ექსპერტები თვლიან, რომ ასადის რეჟიმის დაცემა არის კრემლის დიდი გეოპოლიტიკური მარცხი. მოსკოვი, თეირანთან ერთად, წლების განმავლობაში უჭერდა მხარს სირიის მთავრობას სამოქალაქო ომის დროს. რუსეთს სირიაში აქვს სამხედრო ობიექტები, მათ შორის საჰაერო ბაზა ჰმეიმიმში და სტრატეგიული საზღვაო ობიექტი ტარტუსში, რომლებიც ასევე გამოიყენება კრემლის მოქმედებების მხარდასაჭერად ჩრდილოეთ და სამხრეთ საჰარის აფრიკაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარი თქვა რუსული ბაზების ბედის შესახებ კომენტარზე და თქვა, რომ “გამოცანები მისი საქმე არაა”.
მოულოდნელი იერიში დაიწყო 27 ნოემბერს, როცა მეამბოხე ჯგუფების კოალიციამ “ჰაიათ თაჰრირ ალ შამის” მეთაურობით, დაიკავა ალეპო, სირიის სიდიდით მეორე ქალაქი.
მას შემდეგ მათ აიღეს სხვა ქალაქებიც, სადაც ასადის ძალები მცირე წინააღმდეგობას უწევდნენ. მეამბოხეთა შორის არიან ასევე ძალები, რომლებსაც თურქეთი უმაგრებს ზურგს. ასეთია სირიის ეროვნული არმია. თურქეთმა უარყო ამ იერიშში მონაწილეობა, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ მეამბოხეები მას არ წამოიწყებდნენ ანკარის თანხმობის გარეშე.
8 დეკემბერს ისრაელმა სამჯერ დაარტყა სირიის დედაქალაქ დამასკს. Reuters-ის ცნობით, ისრაელმა თავდასხმა მოაწყო დამასკის კაფრ სუსას რაიონში მდებარე უშიშროების კომპლექსსა და კვლევით ცენტრზე, რომელშიც, ისრაელის თანახმად, ირანელი მეცნიერები რაკეტის განვითარებაზე მუშაობდნენ.
ამავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის არმიას დაევალა ბუფერული ზონის დაკავება გოლანის მაღლობების რეგიონში, რათა იქ განსახლებული ისრაელელების უსაფრთხოება დაიცვას.
ისრაელის გადაწყვეტილებით, რეგიონში გამოცხადდა კომენდანტის საათი. სირიის ეს არეალი ისრაელმა 1967 წელს დაიკავა,1981 წელს კი ანექსია გაუკეთა, რაც საერთაშორისოდ აღიარებული არ არის.
ასევე მეზობლის, იორდანიის მეფე აბდულამ მოუწოდა სირიელებს, თავიდან აიცილონ კონფლიქტები, რასაც შეიძლება ქაოსი მოჰყვეს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ სირიაში კრიზისი უნდა მოგვარდეს გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის 2254-ე რეზოლუციის თანახმად.
საუდის არაბეთიც მიმართავს რეგიონის მოთამაშეებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა მოვლენები სირიაში ქაოსური არ გახდეს.
ირანმა განაცხადა, რომ ყურადღებით დააკვირდება მოვლენათა განვითარებას სირიასა და რეგიონში და შესაბამის მიდგომებს და პოზიციებს შეიმუშავებს. დამასკში ირანის საელჩო მეამბოხეებმა დაარბიეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ “ბოლოს და ბოლოს ბარბაროსული სახელმწიფო დაეცა“. მან პატივისცემა გამოხატა სირიელი ხალხის, მისი სიმამაცის და მოთმინების მიმართ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ანჯელა რეინერმი გამოვიდა მოწოდებით, რომ სირიაში ვითარება „პოლიტიკურად მოგვარდეს“.
გაეროს საგანგებო წარგზავნილი სირიაში გეირ პედერსონი მოუწოდებს სირიელებს, პრიორიტეტი მიანიჭონ დიალოგს, ერთიანობას და დაიცვან საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები, ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც პედერსონი ასევე გამოხატავს მზადყოფნას, მხარში დაუდგეს სირიელებს ამ გზაზე სტაბილური და ინკლუზიური მომავლისკენ.
ფორუმი