Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციაზე დაკავებული ბექა ყორშია სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა


ბექა ყორშია თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ბექა ყორშია თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია, რომელიც 6-7 დეკემბრის ღამეს პოლიციამ დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა. ცეკვავა, მისი რამდენიმე კოლეგის მსგავსად, მორიგე მოსამართლეა და მათ ეწერებათ ხოლმე აქციაზე დაკავებული ადამიანების საქმეები განსახილველად.

ადვოკატები მოსამართლეს უხსნიდნენ, რომ ბექა ყორშია დაკავების დროს ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა.

„დაკავება მოახდინა რობოკოპებმა და არა მითითებულმა დამკავებელმა პირებმა. მათ მხოლოდ ოქმი შეადგინეს“, - თქვა სხდომაზე ჟურნალისტის ადვოკატმა ბექა გვენეტაძემ, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა ასე უპასუხა: „დამკავებლები არიან ის ადამიანები, რომლებმაც დაინახეს სამართალდარღვევა და მიიღო მისი დაკავების გადაწყვეტილება. არ არის აუცილებელი, რომ უშუალოდ კონკრეტულმა პირმა დააკავოს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბექა ყორშიას დაკავების საქმეზე მოწმედ ამავე უწყებაში დასაქმებული პოლიციელი, დავით ჟორჟოლაძე ჰყავდა. მისი თქმით, დაკავების მიზეზი „აგრესიულობა“ იყო.

ადვოკატი ვიქტორ კვიტატიანი: რამდენი ხანი იყო ბექა თქვენი თვალთახედვის არეში?
მოწმე პოლიციელი: 1 წუთი, ალბათ.
ადვოკატი: 1 წუთში რა დაინახეთ, რა ქმედება ჩაიდინა? რაში გამოიხატა [აგრესიულობა] კონკრეტულად?
მოწმე: ნუ, მოწოდების მერე რომ არ დაიშალა ხალხი. ჟესტიკულაციით, გინებით, კარგად იცით თქვენ, რასაც შვრებოდა.
ადვოკატი: რატომ ჩათვალეთ, რომ კონკრეტულად მისი დაკავება საჭირო იყო?
მოწმე: აი, ასე ჩავთვალე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთ მოწმედ პოლიციელი გიორგი ბაბუციძე ჰყავდა მიყვანილი. მისი სიტყვებით, არ ახსოვს დაკავების დრო და დეტალები.

ბექა ყორშია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6-7 დეკემბრის ღამეს დააკავა. უკვე მეთერთმეტე დღეა ათასობით ადამიანი „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.

გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადა.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

ფორუმი

XS
SM
MD
LG