„თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს - გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ“, - წერია ბანკის განცხადებაში.
დაკავებულთა შორის არის არის საქართველოში კიდევ ერთი დიდი ბანკის - „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი - ვაკო ალავიძე.
„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!“ - წერია ბანკის განცხადებაში.
მეთერთმეტე დღეა დედაქალაქის ცენტრში არ წყდება ათასობით ადამიანის პროტესტი - მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველ პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
ფორუმი