სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. დაახლოებით 00:30-ზე თავისუფლების მოედანზე განლაგებული სპეცრაზმელები, სპეცტექნიკის თანხლებით დაიძრნენ.
ისმის გამაფრთხილებელი შეტყობინებაც, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან ათავისუფლებს რუსთაველის გამზირს. დემონსტრანტებმა "ცისფერი გალერეისკენ" გადაინაცვლეს, თუმცა არ იშლებიან.
ძალის გამოყენებით დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატი პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებიდან" ცოტნე კობერიძე.
პოლიციამ, დაახლოებით, 01:10 საათზე დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალება, წყლის ჭავლი გამოიყენა.
ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელების კორდონია რესპუბლიკის მოედანზეც, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარედ.
მეცხრე დღეა, საქართველოში არ წყდება პროტესტი პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო. სახელისუფლებო პარტიაში გადაწყვიტეს, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი იკრიბება ყოველ საღამოს დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ აქციები ძალადობრივ სახეს იძენს ხოლმე და ამ მიზეზით მოქალაქეებს წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი აირით შლიან.
დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს დაშავებული პოლიციელების შესახებ.
ფორუმი