ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ვერ შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტზე, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ჩეხეთში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის უფლების გაფართოებას ითვალისწინებდა. ამის შესახებ Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, პაკეტის მიღება ორმა ქვეყანამ დაბლოკა. მათი სახელები არ არის მითითებული. მთავარი მიზეზი იყო უთანხმოება იმ ვადებში, რომლის ფარგლებშიც ევროპულმა კომპანიებმა უნდა დაასრულონ რუსეთიდან ინვესტიციების გატანა.
"როიტერსი" ასევე აღნიშნავს, რომ ელჩებს შორის დისკუსია გართულდა იმ გამონაკლისის გაგრძელების თაობაზე, რომელიც ჩეხეთს საშუალებას აძლევს მოახდინოს რუსული ნავთობისგან სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში წარმოებული დიზელის საწვავისა და სხვა პროდუქტების იმპორტი.
ამასთან, ჩეხეთმა განაცხადა, რომ არ მოითხოვს ამ გამონაკლისის ვადის გაგრძელებას, სლოვაკეთს კი, პირიქით, სურს ამ გამონაკლისის შენარჩუნება, რომლის ვადა 5 დეკემბერს ამოიწურა.
მე-15 პაკეტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს რუსული ნავთობის გადამტანი ტანკერების წინააღმდეგ. "როიტერსის" თანახმად, შესათანხმებელი საკითხების განხილვას ევროკავშირის წევრები მოგვიანებით მიუბრუნდებიან.
ფორუმი