Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს სხდომაზე ლავროვის გამოსვლის წინ დარბაზი დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე

ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის დღევანდელი გამოსვლის წინ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ და კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა.

სხდომას ევროკავშირის წევრი მალტა მასპინძლობს. ის ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, სადაც ლავროვი ჩავიდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიხიმ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ უთხრა, რომ დარბაზი დატოვეს საქართველოს, ჩეხეთის, პოლონეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც და რუმინეთის და ესტონეთის წარმომადგენლებმა. ტიხის ინფორმაციით, სხდომას არ ესწრებოდა ლიეტუვის წარმომადგენელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დარბაზი დატოვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ თავისი გამოსვლა იმით დაასრულა, რომ ლავროვი ომის დამნაშავეა.

ეუთოს მინისტერიალზე დღეს გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც. „ჩემი ქვეყანა გახდა საერთაშორისო ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რასაც შედეგად მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. სწორედ საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძელებაა უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას", - განაცხადა მან.

ბოჭორიშვილმა ისიც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება და მტკიცედ მიუყვება ამ კურსს. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც მიმართულია ევროპული ინტეგრაციისკენ, ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და აქტიურად გამოიყენება ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის გასაღრმავებლად, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

საქართველოში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლებიც მოჰყვა „ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG