Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ჩხრეკას ატარებს ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში


ნენსი ვოლანდი, ფეისბუკჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებელი
ნენსი ვოლანდი, ფეისბუკჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში.

სამართალდამცავებმა ნენსი ვოლანდი ჩხრეკისთვის თავად წაიყვანეს სახლში. იგი იმყოფებოდა „დაიტოვეს“ ადმინის, ილია ღლონტის სახლთან - ბინაში შსს-ს თანამშრომლები ჩხრეკას ატარებდნენ.

რის საფუძველზე მიმდინარეობს ჩხრეკა ნენსი ვოლანდის სახლში, ჯერჯერობით, უცნობია.

რაც შეეხება ილია ღლონტის ბინაში ჩატარებულ ჩხრეკას, ის ჩატარდა საქმეზე, რომელზე გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული - 225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და 239-ე პრიმა - ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების მუხლით.

ნენსი ვოლანდმა თავის სახლში ჩხრეკის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა: "კგბს რეპრესიებია დაწყებული".

ფეისბუკჯგუფი „დაიტოვე“ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ე.წ. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების პარალელურად შეიქმნა. ჯგუფში ზიარდებოდა ინფორმაცია რეგიონებიდან ჩამოსული აქციის მონაწილეების საჭიროებების, მათთვის დედაქალაქში დასარჩენი სივრცის შესახებ.

დღეის მდგომარეობით, ჯგუფი 236 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს.

ჯგუფის წესებით, რომლებიც წევრებისთვის საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ჯგუფში აკრძალულია ისეთი მოწოდებების გავრცელება, რომლებიც შეიცავს სამართალდარღვევის ნიშნებს ან მოუწოდებს მონაწილეებს სამართალდარღვევისკენ.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფეისბუკჯგუფმა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია მოაწყო და მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტა.

ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე პროევროპული აქციები იმართება, ჯგუფ „დაიტოვეში“ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია დემონსტრანტების საჭიროებებზე.

4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახლის“ - ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინებში.

ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG