„ეროვნულმა ასამბლეამ მოითხოვა საგანგებო მდგომარეობის გაუქმება და ჩვენც უკან გავიხმეთ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ჩართული იყვნენ საომარი მდგომარეობის გამოცხადების ოპერაციებში. მივიღებთ ეროვნული ასამბლეის მოთხოვნას და გავაუქმებთ სამხედრო მდგომარეობას მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე“, - განაცხადა იუნ სოკ იოლმა სატელევიზიო მიმართვაში.
ამ გამოსვლის შემდეგ მალევე შეიკრიბა სამხრეთ კორეის მინისტრთა კაბინეტი, რომელმაც ასევე მხარი დაუჭირა სამხედრო მდგომარეობის გაუქმებას. სამხრეთკორეული Yonhap News Agency-ს ცნობით, მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნდნენ სამხედრო ნაწილები.
4 დეკემბერს გადადგა პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრული შემადგენლობით. თუმცა მანამდე, მიმართვაში, რომელიც გადაიცემოდა 3 დეკემბერს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა გამოწვეულია იმ საფრთხეებით, რომლებიც კონსტიტუციურ წესრიგს ემუქრება „კომუნისტური ძალებიდან“ და ჩრდილოეთ კორეიდან. მისი თქმით, საფრთხეები მომდინარეობს როგორც ჩრდილოეთ კორეიდან, ასევე ადგილობრივი „ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებიდან, რომლებიც უნდა აღმოიფხვრან“. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა სახის საფრთხეები მოდის ჩრდილოეთიდან, მაგრამ ეს ორი ქვეყანა ტექნიკურად ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაში იმყოფება.
სატელევიზიო არხ YTN-ის ვებსაიტმა გამოაქვეყნა პრეზიდენტის მიმართვის ტექსტი, რომელშიც ის ოპოზიციას ადანაშაულებს სახელმწიფოს პარალიზებაში, რაც გამოიხატება მთავრობის წევრებისა და ოფიციალური პირების იმპიჩმენტის მცდელობებში. მისი თქმით, ახალი მთავრობის დამტკიცების მომენტიდან (სამხრეთ კორეაში არჩევნები ჩატარდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე) ეროვნული ასამბლეა იმპიჩმენტით დაემუქრა 22 საჯარო მოხელეს, მათ შორის რამდენიმე პროკურორს, შინაგან და თავდაცვის მინისტრებს.
„ეს არის აშკარა ანტისახელმწიფოებრივი აქტი, რომელიც არღვევს თავისუფალი კორეის რესპუბლიკის კონსტიტუციურ წესრიგს და ანადგურებს კონსტიტუციითა და კანონებით დადგენილ ლეგიტიმურ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ცდილობს სამოქალაქო ომის პროვოცირებას“, - განაცხადა იონ სოკ იოლმა, რომლის თქმითაც, ეროვნული ასამბლეა იქცა კრიმინალური ჯგუფების ბუნაგად, რომელიც ცდილობს ქვეყნის სასამართლო-ადმინისტრაციული სისტემის პარალიზებას და ლიბერალური დემოკრატიის სისტემის დამხობას საკანონმდებლო დიქტატურით.
საომარი მდგომარეობის შემოღებას მხარი არ დაუჭირა როგორც ოპოზიციამ, ასევე მმართველმა პარტიამ. სამხრეთ კორეის „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ლი ჯე მიონმა, რომელიც აკონტროლებს საპარლამენტო უმრავლესობას, პრეზიდენტის განკარგულებას ანტიკონსტიტუციური უწოდა, ხოლო პრეზიდენტის პარტიის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა, ჰან დონ ჰუნმა თქვა, რომ უკანონო გადაწყვეტილებას დაბლოკავდა.
სამხედრო მდგომარეობის რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი გენერლის, პაკ ან სუს ბრძანებით, აკრძალული იყო ყველა პოლიტიკური აქტივობა, მათ შორის, პარლამენტის, ადგილობრივი საბჭოების, პოლიტიკური პარტიებისა და ასოციაციების მუშაობა, ასევე - მიტინგები, დემონსტრაციები და გაფიცვები. განკარგულების თანახმად, მედია ექცეოდა სამხედრო სარდლობის კონტროლის ქვეშ და, შესაბამისად, იკრძალებოდა „ყალბი ამბების გავრცელება, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და ცრუ პროპაგანდა“.
ბოლოს საომარი მდგომარეობა სამხრეთ კორეაში გამოცხადდა 1979 წელს, მაშინდელი დიქტატორის, პაკ ჩონ ჰის მკვლელობის შემდეგ.
რა ხდებოდა პარლამენტთან
მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხალხმა დაიწყო შეკრება ქვეყნის ეროვნული ასამბლეის შენობასთან, რომლის შესასვლელთან ასევე გამწკრივდნენ საპოლიციო ძალები, ხოლო შენობის სახურავზე გამოჩნდნენ სამხედრო ვერტმფრენები .
დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ყველა დეპუტატს პარლამენტში შეკრებისკენ მოუწოდა, რათა გაემართათ კენჭისყრა საომარი მდგომარეობის გასაუქმებლად. პარალელურად, სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი პირდაპირ ეთერში აჩვენებდა კადრებს, თუ როგორ იკრიბებოდა ხალხი პარლამენტის გარშემო, მაგრამ შენობაში მხოლოდ ეროვნული ასამბლეის წევრებს, სხვა თანამშრომლებსა და ასევე ჟურნალისტებს უშვებდნენ. შედეგად, 300-დან 190-მა დეპუტატმა (მათ, ვინც შეძლო სხდომათა დარბაზში შესვლა) მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის გაუქმების გადაწყვეტილებას.
სამხედროებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ მალევე დატოვეს პარლამენტის შენობა და მიმდებარე ტერიტორია. როგორ BBC-ის კორესპონდენტი სეულში ჯეიკ კვონი იტყობინება, მომიტინგეები პარლამენტის შენობის წინ სკანდირებდნენ „არა საომარ მდგომარეობას“, „დავამხოთ დიქტატურა“ და „გააღეთ კარი“.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პარლამენტის შენობის მთავარ შესასვლელთან ასევე დაფიქსირდა შეტაკებები პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის.
სამხრეთ კორეის კონსტიტუციის თანახმად, საომარი მდგომარეობის მოხსნა შეუძლია პარლამენტის უმრავლესობას. სამხედროები მთელი ღამის განმავლობაში იმეორებდნენ, რომ მანამდე შეასრულებდნენ ბრძანებას, ვიდრე პრეზიდენტი არ გააუქმებდა მას. The New York Times-ი იტყობინებოდა, რომ ღამის განმავლობაში ეროვნული ასამბლეის წინ შეკრებილი ხალხის რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.
4 დეკემბერს გამთენიისას პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საომარი მდგომარეობის გაუქმების თაობაზე, პარლამენტთან შეკრებილები სიხარულით შეხვდნენ. პრეზიდენტის ოპონენტებმა კი „დემოკრატიული პარტიიდან“, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, განაცხადეს, რომ თუ იუნ სოკ იოლი არ გადადგება, ისინი დაიწყებენ მისი იმპიჩმენტის პროცედურას. უარის მიღების შემდეგ, 4 დეკემბერს, სამხრეთ კორეის ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ იწყებს პროცესს. როგორც საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი იტყობინება, ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის დემოკრატიულმა პარტია „ტობურომ“, ეროვნულ ასამბლეას (პარლამენტს) მიმართა ქვეყნის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნით. ინიციატივას ექვსივე ოპოზიციური პარტიის 191-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დისკუსიაში არ მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის, „ხალხის ძალის“ დეპუტატები. კორეული მედიის ცნობით, იმპიჩმენტის კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე 5 დეკემბერს გავა, კენჭისყრა კი 6 ან 7 დეკემბერს გაიმართება.
პოლიტიკური კრიზისის მიზეზები
საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც სამხრეთ კორეაში 2024 წლის გაზაფხულზე გაიმართა, „დემოკრატიულმა პარტიამ“ ადგილობრივი პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის 300 ადგილიდან 192 მოიპოვა.
არჩევნებში გამანადგურებელი მარცხის შედეგად გადადგნენ პრეზიდენტის (მმართველი) პარტიის ლიდერი ჰან დონ ჰუნი და პრემიერ-მინისტრი ჰან დოკ სუ.
მედია წერდა, რომ გაზაფხულზე ჩატარებული არჩევნები უნდა განხილულიყო, როგორც შუალედური რეფერენდუმი პრეზიდენტ იუნ სოკ იოლისადმი ნდობის საკითხზე, არადა. მისი უფლებამოსილების ვადა სამი წლის შემდეგ იწურება.
საბოლოო ჯამში, არჩევნების შემდეგ, „დემოკრატიულმა პარტიამ“ მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადანაშაულა არაკომპეტენტურობაში, ხოლო „კორეის ინოვაციების პარტიის“ თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ჩო გუკმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტს „ჯერ კოჭლ, შემდეგ კი მკვდარ იხვად აქცევდა“. თავის მხრივ, პრეზიდენტმა პარლამენტი დაადანაშაულა იმაში, რომ არ აძლევს გასაქანს მის ინიციატივებს. როგორც მედია წერს, პარლამენტის ოპოზიციური განწყობის გამო სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა კანონად ვერ აქცია თავისი ვერცერთი ინიციატივა. პასუხად, თვითონაც ოპოზიციის მიერ მიღებულ ნებისმიერ კანონს ვეტოს დადებით აჩერებდა. მიმდინარე კვირაშიც „დემოკრატიულმა პარტიამ“ შეამცირა მთავრობისა და პრეზიდენტის პარტიის მიერ ინიციირებული ბიუჯეტი.
ფორუმი