საქართველოს უნივერსიტეტმა საჯარო მოხელეების 200 000-ლარიანი ფონდი შექმნა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში დაეხმარება, ისეთებს, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას გაემიჯნენ და შესაძლოა, სამსახურებიდან გაუშვან.
„ 200,000 - ლარიანი ფონდიდან 1 წლის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებენ ის თამამი საჯარო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ ემიჯნებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწევთ სამსახურის დატოვება", - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
უნივერსიტეტი მოუწოდებს კომპანიებს შეუერთდნენ ინიციატივას და მხარი დაუჭირონ „გამბედავ“ საჯარო მოხელეებს.
3 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საჯარო სამსახურის თვითწმენდა“ უწოდა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მიერ პროტესტის ნიშნად გავრცელებულ განცხადებებს, რომლებშიც გამოხატული იქნა უკმაყოფილება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
იქამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ „რეორგანიზაცია აქვს დაწყებული". მის ამ განცხადებას წინ გაუსწრო თბილისის მერიიას თანამშრომლების საერთო საპროტესტო წერილმა. ევროინტეგრაციის მხარდამჭერი წერილები გაავრცელეს: თავდაცვის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების ნაწილმა. ცალკე გამოქვეყნდა საჯარო მოხელეების წერილი, რომელიც ამ დრომდე ღიაა ხელმოსაწერად.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, დაკავებულია 260 დემონსტრანტი. სასამართლო სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2 დეკემბრის დილას გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ. დასრულებული 74 საქმიდან, 36-ს შეეფარდა ჯარიმა, 34-ს - ადმინისტრაციული პატიმრობა.
უწყებას ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია განახლებული ინფორმაცია დაკავებულებისა და მათ შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების თაობაზე.
სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს. შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.
ფორუმი