Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მშიშარა“ - ოპონენტები ამბობენ, რომ კობახიძე პირისპირ დებატებს გაურბის, ჯგუფურ ფორმატს არ თანხმდებიან


ირაკლი კობახიძე დებატებზე: „მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი...“
ირაკლი კობახიძე დებატებზე: „მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი...“

ოპონენტები, რომლებსაც ირაკლი კობახიძესთან დებატები სურდათ, ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრი არ გამოხატავს რეალურ მზაობას პირისპირ დებატებისათვის და ფორმატი, რომელიც მთავრობის მეთაურმა დღეს დასახა, მათთვის არ არის მისაღები.

„მშიშარა“ - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას თინა ხიდაშელი, რომელიც 2015-16 წლებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იყო თავდაცვის მინისტრი. კობახიძემ თქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში 12 ადამიანს ელის.

„ფორმატი არის ერთი ერთზე. ტელევიზიაში. ლოგიკური არჩევანია საზოგადოებრივი მაუწყებელი, - წერს ხიდაშელი და დასძენს, - ან მოდის, ან უბრალოდ მშიშარაა“.

დებატები, არსებული ინფორმაციით, უნდა შეეხოს მიმდინარე მოვლენებსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

კობახიძემ განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, სამმა სუბიექტმა მოისურვა დებატები: საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ, თინა ხიდაშელმა და პარტია „გირჩმა“.

„მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პასუხად მიხეილ ჯანელიძემ ფეისბუკზე დაწერა: „ყოველგვარი მანიპულაციის და ინტერპრეტაციის გამოსარიცხად, აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი ჯგუფური შეხვედრა არ არის მისაღები“.

ის ამბობს, რომ მზადაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გამართოს საჯარო დისკუსია ირაკლი კობახიძესთან.

თინა ხიდაშელიც ფეისბუკში განმარტავს: „მე მზად ვარ დებატებისთვის ქართული ოცნების ლიდერ კობახიძესთან. მზად ვარ დებატებისთვის ტელევიზიაში, - რადგან ტელევიზიაა დებატების ადგილი. კონფერენცია, მრგვალი-მაგიდის დისკუსიების და სხვა არ არის დებატები. ნებისმიერ სხვა ადგილი, გარდა ტელევიზიისა არ არის დებატები“.

2 დეკემბერს პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი აჩვენებს ქვეყანაში „წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემის“ არსებობას.

ამის შემდეგ მან „ნებისმიერი ფორმით და ფორმატით“ დისკუსია შესთავაზა მათ, ვინც პროტესტს „გულწრფელად" გამოხატავს და „თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG