Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყველაფერი დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რაც ქუჩაშია" - დოდი ხარხელის თქმით, სახლი უჩა აბაშიძის საქმეზე გაჩხრიკეს


დოდი ხარხელი
დოდი ხარხელი

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და აქტივისტი დოდი ხარხელი აცხადებს, რომ მისი სახლის ჩხრეკა თვეების წინ დაწყებულ გამოძიებაზე, უკავშირდება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და ონლაინ სივრცეში მის აქტიურობას ამ საკითხზე.

დოდი ხარხელის თქმით, ჩხრეკა ჩატარდა მისი ყოფილი ქმრის, სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის საქმეზე. აბაშიძეს პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას ედავება.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა, დოდი ხარხელმა მომხდარი ჟურნალისტებთან კომენტარში შეაფასა:

"ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ერთადერთ რამესთანაა კავშირში - ნებისმიერი მიზეზი დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რაც ქუჩაშია და რაც მიდის საერთაშორისო მედიის მიმართულებით. ეს ყველაფერი ეხება იმ არაკანონიერ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს ქვეყანა, დე ფაქტო ხელისუფლება. იგი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს სტატუსი", - ამბობს ის.

ხარხელი იხსენებს, რომ პოლიციამ იგი გააჩერა დილით, ბავშვის ბაღში დატოვების შემდეგ და, სავარაუდოდ, სახლის ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერა მოსთხოვა.

"ბავშვი, 3 წლის ლილი, დავტოვე ბაღში და გამოსვლისთანავე დამადგა რამდენიმე მამაკაცი. როდესაც მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, გადავწყვიტე, ტელეფონით ლაივი ჩამერთო, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს - წამართვეს, ხელები ძალადობრივად გადამიგრიხეს და დავიწყე ხმაური, სიგნალის მიცემა მანქანაზე და გამვლელებისთვის თხოვნა, რომ ლაივი ჩაერთოთ. საბედნიეროდ, ჩართეს ლაივი და ბაღმაც ირეაგირა. ამის შემდეგ ყველაფერი მოხდა ძალიან ზრდილობიანად იქაც, შემდეგ რომ მოვედით აქ [სახლში], ჩხრეკის პროცესშიც", - ჰყვება ის და აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობისგან ამ ამბის გასაჯაროებამ გადაარჩინა:

"ამის ერთადერთი მიზეზი, რომ ახლა დაზიანებები არ მაქვს, არის ის, რომ ეს ყველაფერი მოხდა საჯაროდ, ბევრი კამერის წინ. ესაა ერთადერთი დაცვა, რაც თითოეულ მოქალაქეს გვაქვს".

ხარხელი იხსენებს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ მისი სახლიდან წაიღო ყველანაირი ციფრული მოწყობილობა.

"ახლა რა წაიღეს? ყველაფერი. სადღაც გადავარდნილი, დავიწყებული "ფლეშკა", მობილურები, მათ შორის - ძველი, სამუშაო ლეპტოპები ჩემი და ჩემი მეუღლის. ჩვენ ძალიან ციფრული ოჯახი ვართ, "სმარტ ჰოუმის" [ჭკვიანი სახლი] ელემენტებით და ძალიან დიდხანს გაგრძელდა ჩხრეკა. თავიდან არ განმიმარტეს [საქმე]. როგორც კი მანქანაში ჩამსვეს, მთხოვდნენ, მომეწერა ხელი ოქმზე, რომლისთვისაც არ მომიწერია. რაც ყველაზე საინტერესოა, გადაუდებელ და სასწრაფო ჩხრეკად კვალიფიცირდა, როდესაც ეს გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე თვეა. ვიყავი კიდეც მოწმედ დაბარებული, მიცემული მაქვს ჩვენება", - ამბობს დოდი ხარხელი.

პოლიციის მიერ დოდი ხარხელის ქუჩაში გაჩერების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სოფი ახობაძემ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ ესაუბრება 10-მდე პოლიციელი დოდი ხარხელს, შემდეგ ადგენენ დოკუმენტებს და მას იქვე მდგომ ავტომობილში სვამენ. ხარხელს ხელბორკილები არ ადევს.

„რუსული ოცნება, რუსული ტერორი, მარტო იმიტომ, რომ აქციებზე ვდგავარ", - ამბობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში დოდი ხარხელი.

დოდი ხარხელი ღიად გამოხატავს კრიტიკულ პოზიციას „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტიკის მიმართ, მონაწილეობს საპროტესტო აქციებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG