Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მამულაშვილი: საქართველოში "მაიდნის" იდენტური სცენარი მიმდინარეობს


"ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი
"ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პროცესები "მაიდნის" იდენტური სცენარით მიმდინარეობს.

"საქართველოში ხდება იგივე, რაც უკრაინაში ხდებოდა 2014 წელს. პრაქტიკულად რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომლებიც, ვთქვათ ასე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციიდან ჩამოშორების ოპერაციას ატარებენ, ვერ ისწავლეს, რომ თავისუფალი ხალხის დამონება ძალიან ძნელია", - განაცხადა მამულაშვილმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.

"მაიდანი" 2014 წელს უკრაინაში მომხდარი „ღირსების რევოლუციაა“, რომელმაც პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობას დაუსვა წერტილი. კრემლმა მას ყირიმის ანექსიით, შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებით უპასუხა და დღემდე „სახელმწიფო გადატრიალებას“ ეძახის.

შეკითხვაზე, თუ რამდენად აისახება "ქართული ლეგიონის" მოტივაციაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ "ძირითადი ბრძოლა უკრაინაში ხდება. როდესაც რუსეთი დამარცხდება უკრაინაში, მას საქართველოზე გავლენის მოხდენის არანაირი შესაძლებლობა არ ექნება."

მანამდე „ქართულმა ლეგიონმა“ რუსული დეზინფორმაცია უწოდა ცნობებს, თითქოს „ლეგიონი“ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდეს.

„რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ ცნობების გავრცელება იმის შესახებ, თითქოს „ქართული ლეგიონი“ გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას“, - აღნიშნულია „ლეგიონის“ მიერ 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.


„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან აღშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს სვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია“, - წერს „ქართული ლეგიონი“.

„ქართული ლეგიონის“ განცხადება პლატფორმა X-ზე გააზიარა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და დაწერა:

„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ოფიციალურად უარყოფს ყალბ ცნობებს იმის შესახებ, რომ უკრაინაში ქართველი ჯარისკაცები გეგმავდნენ, [საქართველოში] პროტესტს შეერთებოდნენ. ცარიელი პროპაგანდა. ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG