Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალი, რომელიც სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი


ნანა ტომარაძე ფეხს ურტყამს სპეცრაზმელის ფარს. რუსთაველის გამზირი, 3 დეკემბერი, 2024.
ნანა ტომარაძე ფეხს ურტყამს სპეცრაზმელის ფარს. რუსთაველის გამზირი, 3 დეკემბერი, 2024.

ქალი, რომელიც სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.

რუსთაველზე დაკავებული ნანა ტომარაძე ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში 3 დეკემბრის ღამეს მოინახულა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.

ნანა ტომარაძე სპეცდანიშნულების რაზმმა მას შემდეგ შეითრია კორდონში, რაც მან ფეხი დაარტყა სპეცრაზმელის ფარს. მედიაში მალევე გავრცელდა ეს კადრები:

„თავს ნორმალურად გრძნობს. ამბობს, რომ მისთვის სპეცრაზმელებს ხელი არ დაუკარებიათ. მხოლოდ ვიდეოებს მიღებდნენ და რაღაცებს მეკითხებოდნენ, მაგრამ იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ არც მახსოვს, რას მეკითხებოდნენო. ამბობს, რომ სახლში 11 წლის შვილი ელოდება და ითხოვს, რომ რაც შეიძლება მალე გაიმართოს მისი სასამართლო სხდომა“, - ეუბნება ლაშა ტყეშელაძე რადიო თავისუფლებას.

ნანა ტომარაძეს სამართალდამცავები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, როდის ჩატარდება ნანა ტომარაძის სასამართლო სხდომა.

3 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 36 დემონსტრანტია დაკავებული. 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით კი - 260 დემონსტრანტი. მათ ნაწილს უკვე დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG